ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილი ქონებას, რომელიც მან ქართუ ჯგუფს გადასცა და საქველმოქმედო მიზნებისთვის უნდა ყოფილიყო გამოყენებული, უკან იბრუნებს. საუბარია თაბორის მთაზე არსებულ ტერიტორიაზე. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, ივანიშვილს შეტანილი აქვს მოთხოვნა მიწების უკან დაბრუნებაზე, თუმცა რეესტრმა მოთხოვნა ამ ეტაპზე დაახარვეზა, რადგან ხელშეკრულებაში შესასყიდი ფასი მითითებული არ არის.
დღეს კი თბილისის საკრებულომ დაამტკიცა პროექტი, რომლის მიხედვითაც "ლაგუნა ვერესთან" 2 ცათამბჯენი აშენდება. პროექტს, რომელსაც ოცნების ოპონენტებმა ურბანული გენოციდი უწოდეს, საკრებულოს 23 -მმა წევრმა მხარი დაუჭირა, წინააღმდეგი კი, მხოლოდ 5 მათგანი აღმოჩნდა. განხილვა დაახლოებით 5 საათის განმავლობაში, დაპირისპირებისა და ჩხუბის ფონზე მიმდინარეობდა.
ოპოზიციის წევრები ამბობდნენ, რომ ეს მშენებლობა თბილისში ბევრ პრობლემას შექმნის, პირველ რიგში, საცობებით ისედაც გადატვირთული ქუჩები აქ კორპუსების დადგმის შემდეგ, კიდევ უფრო გაუვალი გახდება. გიგანტური შენობები დაამახინჯებს ისტორიულ იერსახეს და სამომავლოდ მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება. და ბოლოს, საუბრობდნენ საფრთხეზე, რომელიც ვერეს ხეობამ შეიძლება გამოიწვიოს.
მშენებლობა ხეობის სიახლოვეს დაიწყება, შესაძლო წყალმოვარდნების შემთხვევაში, გარემოს დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები მძიმე შედეგებს არ გამორიცხავენ და ხელისუფლებას 2005 წლის 13 ივნისს ახსენებენ.
ცათამბჯენები საშუალოდ 200 მეტრი სიმაღლის იქნება. 50 და 42 სართულიანი კომპლექსები "ლაგუნას" გვერდით, ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაზე უნდა აშენდეს. ეს ტერიტორია ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნოდა. ცოტა ხნის წინ კი, ის მარიკა ვერულაშვილმა იყიდა. ოპოზიციის წარმომადგენლები გვიყვებიან, რომ ვერულაშვილის ბიზნეს -პარტნიორი და ოჯახის წევრია რუსი ოლიგარქის შვილი ეგორ აბრამოვი. მამა-შვილი აბრამოვები დასავლური სანქციების ქვეშ არიან. მამა ბრიტანეთმა დაასანქცირა, შვილი კი უკრაინამ.