ნიკა გვარამიას პოლიტიკური გეგმები | რა გამოხმაურება მოჰყვა "მთავარი არხის" დამფუძნებლის განაცხადს პარტიებში

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებას პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებში ეხმაურებიან. ნიკა გვარამიამ თქვა, რომ მოლაპარაკებები და კომუნიკაცია სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან აქვს. რაც შეეხება თანამშრომლობას, ის ამბობს, რომ ითანამშრომლებს ყველა პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიასთან და რომლის მიზანიც იქნება ევროინტეგრაცია. 

ნიკა გვარამიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის პოლიტიკაში ახალ, ახალგაზრდა ადამიანებთან, ახალი იდეებით მოდის. 

"ლელოში" ამბობენ, რომ წინასაარჩევნოდ გაერთიანებას არცერთ პარტიასთან არ განიხილავენ. ირაკლი კუპრაძის განცხადებით, დააკვირდებიან ნიკა გვარამიას პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რა ტიპის გუნდით იქნება წარმოდგენილი და "აუცილებლად გვექნება რაიმე ტიპის მსჯელობა ან კომუნიკაცია რა შეიძლება იყოს ის კოორდინაცია, რომელიც შეიძლება შედგეს ორ პოლიტიკურ აქტორს შორის". 

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ "გამარჯვების კოალიციაში" არის შესაძლებლობა თანამშრომლობის ნიკა გვარამიასთან, "ყველა ჯანსაღ, პატრიოტი ძალის წარმომადგენელთან, თუ ნიკასაც ექნება ამის სურვილი, მე ვფიქრობ, რომ ეს ბუნებრივად და თავისუფლად არის შესაძლებელი". 

რაც შეეხება პარტია "საქართველოსთვის" პოზიციას, ანა ბუჩუკურის აზრით, ნიკა გვარამია "ნაციონალური მოძრაობის" წევრია. მისივე თქმით, ენმ და "ოცნება" პარტიისთვის წითელი ხაზია.

"არარსებულ პარტიაზე კომენტარის გაკეთება არის ირაკლი კობახიძეობა. ჩვენთვის წითელი ხაზია ნაცმოძრაობა და ოცნება და არავისთან გაერთიანებას ნამდვილად არ ვაპირებთ, ნიკა გვარამია ნაცმოძრაობის ერთ-ერთი მთავარი, შეიძლება ოფიციალურად არ ყოფილა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენიანი პერსონა იყო ნაცმოძრაობის პარტიისთვის, შესაბამისად, ნაცმოძრაობის წევრია მარტივად რომ ვთქვათ", - ამბობს ანა ბუჩუკური.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი