უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის წინააღმდეგ წუხელ და დღეს დილით 158 საჰაერო თავდასხმის იარაღი გამოიყენეს - სხვადასხვა ტიპის რაკეტები და ასევე უპილოტო საფრენი აპარატები.
მისი თქმით, უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 27 დრონი და 87 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს.
"წინასწარი შედეგების მიხედვით, მტერმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა 158 საჰაერო თავდასხმის საშუალება: სხვადასხვა ტიპის რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები. საჰაერო ძალებმა და საშუალებებმა, უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებთან თანამშრომლობით, "შაჰიდის" ტიპის 27 დრონი და Х-101/Х-555/Х-55 ტიპის 87 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს", - ამბობს ზალუჟნი.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა წუხელ და დღეს დილით უკრაინის ტერიტორიაზე მასობრივი საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. ამ დროისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა და 108 დაშავდა.