ხაშურის რაიონულმა სასამართლომ ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული კაცი, თორნიკე ნოზაძე, წინასწარ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე კი მისთვის გირაოს (5 000 ლარის) შეფარდებას ითხოვდა. პროცესზე ნოზაძეს მომხდარის დეტალებზე არ უსაუბრია და დუმილის უფლებას იყენებდა.
შეგახსენებთ, რომ ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო შაქშაქეთში, ქმარმა ცოლი დანით დაჭრა. ახალგაზრდა ქალს თავის არეში დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. ის ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.