ხმაურიანი წერილი გლდანის ციხიდან - გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა 2 დღის წინ სისტემის მხილება გადაწყვიტა. წერილში ბრალდებული ამტკიცებს, რომ შსს-ს მაღალჩინოსნები მის უდანაშაულობაში დარწმუნებულები არიან, თუმცა ამას საჯაროდ ვერ ამბობენ. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საუბარი ნიკოლოზ რევაზიშვილსა და მაღალჩინოსნებს შორის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მთავარ შენობაში შედგა, სადაც ბრალდებული კონკრეტული პირების ამოსაცნობად იყო მისული. საუბარი, რა თქმა უნდა, არაოფიციალური იყო და ამის შესახებ ოქმი არ არსებობს. რევაზიშვილის უფლებადამცველი კი ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ ეს მაღალჩინოსნები შსს-ს გამომძიებლები და სხვადასხვა დეპარტამენტის უფროსები არიან.
ბრალდებულისა და ოჯახის მტკიცებით, საგამოძიებო უწყებებს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე არასწორი გზით განზრახ მიჰყავთ. პროკურატურის მხრიდან კი, მცდელობები, თითქოს საქმეს იძიებდნენ, რევაზიშვილების ოჯახისთვის ილუზიაა. ბრალდებულის ძმა დღეს ამტკიცებდა, რომ სინამდვილეში საგამოძიებო უწყებაში დეტალურად იციან, რა მოხდა არაგვის პირას იმ საბედისწერო ღამეს, თუმცა ამისი თქმა არ უნდათ.
სისტემის მამხილებელ წერილში ნიკოლოზ რევაზიშვილი ამტკიცებს იმასაც, რომ მის წინააღმდეგ ჩვენებებს აყალბებენ. ბრალდებულის ინფორმაციით, პროკურატურამ ტომები, რომელიც დახურა და ადვოკატებს გაუთქმელობაზე მოაწერინა ხელი, სწორედ იმიტომ გააკეთა, რომ საზოგადოებამ სიმართლე ვერ გაიგოს. როგორც ირკვევა დახურულ ტომებში ნიკოლოზ რევაზიშვილის თანამესაკნის გამოკითხვის უცნაური ოქმი დევს, რომელიც ბრალდებულის მტკიცებით, მხოლოდ და მხოლოდ ტყუილია.
პროკურატურის ქმედებებიდან გამომდინარე, დღეს ხელისუფლების ოპონენტებს გლდანის ციხიდან გამოგზავნილი წერილის შინაარსში ეჭვი არ შეპარვიათ. ოპოზიციონერების განცხადებით, ისეთ ბუნდოვან საქმეებში, როგორიც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაა, გარკვეული პირები, ხშირ შემთხვევაში სწორედ მაღალჩინოსნები აფარებენ ხელს, რომელიც უკვე სისტემური პრობლემაა.
ბოლო სასამართლო პროცესზეც და 2 დღის წინ დაწერილ მამხილებელ წერილშიც, ნიკოლოზ რევაზიშვილი ამტკიცებს, რომ გამომძიებლებმა მას მისივე ხელით გადაცემული მობილურიდან ერთადერთი უდანაშაულობის დამამტკიცებელი მასალები წაუშალეს. ამ მძიმე ბრალდებებს კი ამ დრომდე არც ერთი საგამოძიებო უწყება პასუხს არ სცემს.