
ბაგა-ბაღების ასოციაცია, ხელისუფლების პასუხს უკვე ერთი კვირაა უშედეგოდ ელოდება - ბაღები მუშაობის განახლებას ითხოვენ, თუმცა ბაღების გახსნის თარიღმა ოქტომბრამდე გადაიწია, რაც ბაღების დირექტორებსაც და მცირეწლოვანი შვილების მშობლებსაც დიდ პრობლემებს უქმნის. ბაღების დირექციაში ამბობენ, რომ თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდას ვერ შეძლებენ და კადრებს ვეღარ შეინარჩუნებენ, სამსახურიდან წამოსვლა ემუქრებათ იმ ადამიანებსაც, ვისც ბავშვები სამუშაო საათებში, საბავშვო ბაღში უდნა დაეტოვებინა.
მაიკო მურადაშვილს უმუშევრად დარჩენა ემუქრება. ის ორ შვილს ვერსად ტოვებს. კერძო ბაღი, სადაც მას მცირეწლოვანი შვილები დაჰყავდა, უკვე 6 თვეა პანდემიის გამო დახურულია და როგორც ჩანს სახელმწიფო კერძო დაწესებულებას გახსნის უფლებას, არც სექტემბერში მისცემს. მშობელი "მთავარ არხთან" ყვება, რომ
ბავშვებს დამტოვებელი არ ჰყავს, შესაბამისად მას სამსახურიდან წამოსვლა მოუწევს.
ის რომ კერძო საბავშვო ბაგა-ბაღები იხურება, ადასტურებენ შესაბამის ასოციაციაში. საქართველოს კერძო ბაგა-ბაღების ასოციაციის წევრები სააღმზრდელო პროცესის სექტემბერში განახლებას უშედეგოდ ითხოვენ.
ასოციაციის თავმჯდომარე "მთავარს" უყვება, რომ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ყველა მოთხოვნას უკვე აკმაყოფილებენ და დამატებითი რეკომენდაციების დაცვა მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა სააღმზრდელო პროცესის განახლების ნებას მაინც არ რთავენ.
ბაგა-ბაღების დახურვის გამო პრობლემა ექმნებათ არა მხოლოდ მშობლებს, არამედ ამ დაწესებულებებში დასაქმებულ ადამიანებსაც. ბაღებში არ გამორიცხავენ, რომ თანამშრომლების შენარჩუნებას ვეღარ შეძლებენ.
პანდემიის პერიოდში დახურვა არა მხოლოდ კერძო ბაგა-ბაღებს, არამედ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სტარტაპებსაც მოუწიათ, სწორედ მათ რიცხვშია ახლად გახსნილი საკვირაო სკოლაც, რომლის დამფუძნებელსაც პანდემიის პერიოდში იჯარის გადასახადის გამო ფართის დაცლა მოუხდა და დღემდე არ იცის, სასწავლო პროცესის განახლებას როდის შეძლებს.
ბაგა-ბაღების ასოციაციაში დახმარებას შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსისგან უკვე კვირებია ელიან, თუმცა ბექა ფერაძე, არც ასოციაციის წევრების და არც ჩვენს ზარებს არ პასუხობს.