შეთანხმების ვადის ამოწურვამდე 5 დღით ადრე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთბრალდებები მწვავდება. ოპოზიცია მმართველი გუნდის ზეპირ განცხადებებს უნდობლობას უცხადებს და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით წერილობით შეთავაზებას ელოდება. მათი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ შეთავაზება ფურცელზე, კანონპროექტის სახით უნდა დაწეროს და საზოგადოებას ამ სახით წარუდგინოს.
მმართველი გუნდის ოპონენტები ასევე ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული 110/40-ზე ვარიანტი მათთვის მიუღებელია და ხელისუფლებისგან სხვა დათმობებს ელოდებიან.
ალბათ გასაკვირი არ იქნება გადამგდები ივანიშვილისთვის, რომ ოპოზიცია მას არ ენდობა და სურს, რომ რაც შეიძლება გამჭვირვალე და პროგნოზირებადი, ისეთ კანონი, რომელსაც სხვა და სხვა ინტერპრეტაციას ვერ მისცემ და ბოროტად შენს სასარგებლოდ ვერ გამოიყენებ, სწორედ ასეთი კანონი სურს ოპოზიციას. ამიტომ, თუ მისაღებია 40 % -იანი პრინციპი, თარგმნონ კონკრეტულ ციფრებში, რაც რომ დავასახელოთ იქნება ან 125/25-ზე, ან 130/20-ზე, დადონ ეს მოლაპარაკების მაგიდაზე და ბუნებრივია, ჩვენ მაქსიმალურ მოქნილობას გამოვიჩენთ,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ.
მმართველი გუნდის წევრები კი, აცხადებენ, რომ მათი მხრიდან ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რათა ოპოზიციასთან კონსესუსი მიღწეული ყოფილიყო. „ოცნების“ წარმომადგენლები ოპონენტებს პროვოკაციაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ისინი ალტერნატიული სცენარისთვის ემზადებიან.
მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციის გადაწყვეტილება, წამოვა თუ არა კონსესუსზე, იქნება რეალური ინდიკატორი, რა მიზანი ჰქონდათ მათ. მათი მიზნების შესახებ რამდენიმე დღის წინ კარგად განაცხადეს მათმა წარმომადგენლებმა, რომ ისინი ალტერნატიული სცენარისთვის ემზადებიან, რომელიც არ ვფიქრობ, რომ საკმაოდ დემოკრატიული იყოს. საერთაშორისო თანამეგობრობა, ის ადამიანები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ვინც ჩართულები არიან ამ პროცესში აღიარებენ იმას, რომ მმართველი გუნდის მხრიდან გაკეთდა ყველაფერი იმისთვის, რომ კონსესუსი შედგეს,“- განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა.
მოლაპარაკებების მნიშვნელობასთან დაკავშირებით განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმაც გააკეთა. ჰარცელის განცხადებით, ჯერ კიდევ არსებობს რესურსი, რათა შეთანხმება მიღწეული იქნეს. მისი თქმით, საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ეს იქნება ძლიერი გზავნილი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომ ქართულ პოლიტიკურ ვითარებაში საქმე უკეთესობისკენ იცვლება.
„ ჯერჯერობით არ არის ნათელი რა იქნება, მაგრამ კარგია, რომ ჯერ კიდევ არსებობს შეთანხმების შესაძლებლობა. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის ფაქტი, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობა ორივე მხრიდან, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის, მზად არის, რომ განსაზღვრული ნაბიჯები გადადგას და კომპრომისზე წავიდეს. არსებობს სხვად ა სხვა სცენარები, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, არაფერი არ არსი გარანტირებული, მაგრამ შეთანხმება თუ შედგება, ეს იქნება ძალიან დიდი, სიკეთის მომტანი ქვეყნისთვის. ეს წარმატება დიალოგში პარტნიორებისათვის ნიშანი იქნება, რომ საქართველოში მიმდინარეობს ცვლილებები იმისდა მიუხედავად, რომ სირთულეები ჯერ კიდევ რჩება,“- განაცხადა ჰარცელმა.