ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლისთვის საჭირო რეკომენდაციების შესრულება, 2024 წლის არჩევნები, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალური დაბრუნება და რუსეთთან დამოკიდებულება - ამ საკითხებზე "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა ისაუბრა.
დიპლომატი ხაზს უსვამს მომავალი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარების მნიშვნელობას და ამბობს, რომ ეს არის ერთ-ერთი პირველი პირობა, რომელსაც ევროკავშირი მისი წევრი და გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისგან ითხოვს:
"2024 წელი ძალიან მნიშვნელოვანი წელია საქართველოსთვის და ევროკავშირისთვის. საქართველომ მიიღო წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი, ეს არის ჩვენი ერთობლივი ინტერესი. ახლა საქართველო ოფიციალურად არის კანდიდატი ევროკავშირის და გაერთიანების პროცესი, სიჩქარე და ნაბიჯები უკვე დამოკიდებული იქნება საქართველოზე, თუ როგორ შეასრულებს ის დავალებებს, როგორ შეესაბამება სტანდარტებს, რომლებსაც ითხოვს ევროკავშირი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველომ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები გასაწევრიანებლად და 2024 გამოიყენოს უფრო ნაყოფიერად." ამბობს დიპლომატი.
ელჩის თქმით, ევროპული კომისია დაიწყებს საქართველოზე ინფორმაციის შეგროვებას და შეფასებას, როგორ სრულდება 9 რეკომენდაცია. სექტემბერ-ოქტომბერში კი ამ რეკომენდაციების შესრულებაზე ანგარიშს ევროპული საბჭო შეაფასებს და მიიღებს გადაწყვეტილებას, გადავა თუ არა ქვეყანა გაწევრიანების მომდევნო - მოლაპარაკებების ეტაპზე.
"ევროკავშირთან ერთად უნდა იმუშაოთ ამ პირობები შესრულებაზე. ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყანა უერთდება ევროკავშირს და არა ამ ქვეყნის მთავრობა. ევროკავშირს უკავშირდება სამოქალაქო საზოგადოება, მოსახლეობა და არა მთავრობა, ამიტომ ჩვენ ვეცდებით, რომ საქართველოსთან ვიმუშაოთ ამ საკითხებზე იმისთვის, რომ საქართველომ მიაღწიოს პროგრესს. ეს არის უკვე საქართველოს ხელში რა სისწრაფით და რა ხარისხით შეასრულებს დაყენებულ ვალდებულებებს და თუ საქართველოს უნდა, რომ დავიწყოთ მოლაპარაკებები გაერთიანებაზე 2024 წლის დეკემბერში, საქართველომ უნდა გააკეთოს ყველაფერი ამის მისაღწევად." ამბობს ელჩი.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნებას. დიპლომატის თქმით, ევროპა დააკვირდება, რას იზამს ის. ელჩი დეპოლარიზაციის მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს:
"მე არა ვარ საქართველოს შიდა პოლიტიკის ექსპერტი, ეს ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ. უნდა ვნახოთ, დავაკვირდებით რა იქნება გავლენა, რას იზამს ივანიშვილი მომავალში. დეპოლარიზაცია არის ერთ ერთი 9 პუნქტიდან და ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ევროკავშირისთვის ის, რომ სახელმწიფო იყოს პლურალისტული, რაც ნიშნავს თავისუფალ არჩევნებს, დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, კანონის უზენაესობას და ეს უნდა იყოს გარანტირებული უფლებები და პირობები იმისთვის, რომ საქართველო გახდეს დემოკრატიული ქვეყანა, ევროკავშირი არის ჩვენი გარანტორი უსაფრთხოებისა და სიმშვიდის და ასევე არის გარანტორი დემოკრატიული ფასეულობების დაცვის და დეპოლარიზაცია არის ის მოთხოვნა, რომელსაც ვუყენებთ ყველა ქვეყანას, რომელიც აპირებს ევროკავშირში გაწევრიანებას. საქართველო საკმაოდ დეპოლარიზებულია, რაც წარმოადგენს პრობლემას დემოკრატიისთვის, როდესაც უპირისპირდებიან და ერთმანეთს აბრალებენ ყველაფერს.
იმედი მაქვს, რომ 2024 წელს, როდესაც გაქვთ არჩევნები, საქართველო მოახერხებს ამ ექსტრემალური პოლარიზაციის დაძლევას... არ არის კარგი იდეა, რომ ვთქვათ, რომ მეორე მხარე თუ მოვა სათავეში, ეს იქნება ქვეყნის დასასრული...
ევროკავშირი ეს არის კლუბი პლურალისტული დემოკრატიების და თუ საქართველომ მიაღწია პროგრესს და ჩაატარა სამართლიანი არჩევნები, მაშინ თქვენ, ქართველებმა უნდა შეაფასოთ ამ არჩევნების შედეგი - რამდენად თავისუფალი არჩევნები იყო." ამბობს პეტერ ფიშერი.
რუსეთთან ურთიერთობაზე, ფრენების აღდგენასა და სანქციებთან არშეერთებაზე, ფიშერი ამბობს, რომ ევროპას ესმის ის სიფრთხილე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება იჩენს, თუმცა ევროკავშირის წევრი ქვეყნები, საერთო საგარეო პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებენ:
"რაც უფრო უახლოვდება ქვეყანა ევროკავშირს, ევროკავშირი თვლის, რომ ამ ქვეყანამ სულ უფრო და უფრო უნდა გაიზიაროს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროკავშირის და ჩვენ ვიცით, რომ 40-50 პროცენტია საქართველოს მიერ ამ პოლიტიკის გაზიარება და ჩვენ ველით უფრო მაღალ პროცენტს. ვიცით, რომ საქართველო გარკვეულ მდგომარეობაშია და რუსეთთან უწევს ურთიერთობა, აქვს ტერიტორიები რომლებიც მიტაცებულია და აქვს გამოწვევები და ამას უნდა გაუწიოს ანგარიში. ჩვენ მაინც ველოდებით საქართველოსგან სულ უფრო და უფრო მეტ გაზიარებას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა იმიტომ, რომ ერთ ერთი პირობა გაერთიანების არის ევროკავშირის მიზნებისა და ფასეულობების გაზიარება. ჩვენ ასევე გვესმის, რატომ არ შეუერთდა საქართველო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, სიფრთხილეს იჩენს, ჩვენ გვესმის. საქართველო არ არის ტერიტორია, სადაც მუდმივად ხდება ამ სანქციების დარღვევა, მაგრამ თუ საქართველო შემოგვიერთდება, მაშინ ყველანაირი სანქციები და ევროკავშირის კანონმდებლობა უნდა შემოიღოს და ის სანქციები, რომელიც დაწესებულია რუსეთის წინააღმდეგ. იმედია, იმ დროისთვის, როდესაც საქართველო შემოუერთდება ევროკავშირს, რუსეთთან მდგომარეობა შეიცვლება. " ამბობს პეტერ ფიშერი.
ოჩამჩიერში, რუსული სამხედრო ბაზის განთავსებაზე კი დიპლომატი აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ამ საკითხს თვალყურს ადევნებს. მისი შეფასებით, ეს არის რუსეთის მცდელობა, ყველას შეახსენოს, რომ "ადგილზეა და პრობლემების შექმნა შეუძლია".
რაც შეეხება "მეორე ფრონტზე" საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდას. დიპლომატის თქმით, მეორე ფრონტი არც ევროპაში და არც აშშ-ში არავის უნდა და არც არავის მოუთხოვია
არ მინდა მეორე ფრონტზე ვილაპარაკო. გერმანიის და ევროკავშირის მიზანია ამ ომის დასრულება და არა გაფართოება და ამიტომ ნულოვანი ინტერესი გვაქვს მეორე ფრონტის გახსნის, არავის არ შეუთავაზებია საქართველოსთვის მეორე ფრონტის გახსნა და ბევრი ადამიანი ლაპარაკობდა გლობალური ომის პარტიაზე, რომელსაც უნდოდა მეორე ფრონტის გახსნა, მაგრამ არც ევროკავშირს და არც ჩვენ ამერიკელ პარტნიორებს არანაირი სურვილი არ ჰქონდათ აქ მეორე ფრონტის გახსნის." ამბობს ფიშერი.
გერმანიის ელჩის თქმით, ევროპა მიესალმება კრიტიკას, "მაგრამ დეზინფორმაცია და პროპაგანდა არ არის კარგი იდეა თუ გინდა ევროკავშირს შეუერთდე. ჩვენ მოვითხოვთ, ასეთ ტიპის ინფორმაციის წინააღმდეგ იყოთ აქტიურები".
პეტერ ფიშერი საქართველო-გერმანიის მთავრობებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე დასმული კითხვის პასუხად ამბობს, რომ ქართველებს გერმანიაში ლეგალურად მუშაობა შეუძლიათ, თუმცა, თუ მათ თავშესაფარზე უარს ეტყვიან, ქვეყნის დატოვება მოუწევთ.
"ქართველებს შეუძლიათ ვიზის გარეშე მოგზაურობა გერმანიაში და მივესალმებით მათ. ნამდვილად, 9 ათასზე მეტი ქართველია გერმანიაში. ქართველებს შეუძლიათ ლეგალურად იმუშაონ გერმანიაში, თუ მიიღებენ მუშაობის უფლებას. მაგრამ არიან თავშესაფრის მაძიებლები. ისინი ამბობენ, რომ საქართველოდან დევნილები არიან, დევნიან სხვადასხვა მიზეზების გამო, იქნება ეს სექსუალური ორიენტაცია, რელიგია, ეროვნება თუ ა.შ. ჩვენ ვთავაზობთ ადამიანებს, რომლებსაც მართლა ემუქრება საფრთხე, რაღაც მიზეზების გამო, თავშესაფარს. მაგრამ გერმანიამ მიიღო კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც, საქართველო არის ქვეყანა, სადაც უსაფრთხოება არის დაცული. როგორც წესი, საქართველოში არ არის სისტემატური დევნა, გარკვეული ნიშნების გამო...თუ ისინი ნამდვილად იდევნებიან გარკვეული მიზეზების გამო, მათ ეს უნდა დაამტკიცონ, მაგრამ თუ არა, მათ გერმანიის დატოვება მოეთხოვებათ...ჩვენ მხოლოდ იმ ადამიანებს უნდა მივცეთ თავშესაფარი, რომლებსაც ნამდვილად ემუქრებათ საფრთხე. ქართველებს შეუძლიათ, რომ ჩამოვიდნენ და თუ ექნებათ მუშაობის ნებართვა, იმუშაონ ლეგალურად. მაგრამ თუ თავშესაფარზე ეუბნებიან უარს, მათ უნდა დატოვონ გერმანია," - ამბობს ფიშერი.