დაპირების მიუხედავად, ნიკოლოზ გინტურს პროკურატურიდან არავინ შეხვდა | სტრასბურგში გასაგზავნ სარჩელზე მუშაობა დაწყებულია

გამოქვეყნდა:

თამაზ გინტურის მკვლელობის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიდის - სტრასბურგში გასაგზავნ სარჩელზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ოკუპანტების მიერ მოკლული გინტურის ოჯახი ამბობს, რომ გუშინ გაცემული დაპირების მიუხედავად საგამოძიებო უწყებიდან მათ დღეს არავინ შეხვედრიათ. შეხვედრა ნიკოლოზ გინტურსა და პროკურატურის წარმომადგენელს შორის უნდა გამართულიყო. ნიკოლოზ გინტური ამბობს, რომ მას დღეს სატელეფონო ზარზეც აღარ უპასუხეს.

"ამ დრომდე ველოდები არავინ გამომხმაურებია, ტელეფონზე ვრეკავ პასუხს არავინ არ მცემს და არ ვიცი რა ხდება. მე ისე ვატყობ, ჩვენი პროკურატურის იმედიც არ მაქვს და უნდა მივმართო სტრასბურგის სასამართლოს, დანარჩენი უკვე არაფრის იმედი აღარ მაქვს. 2 თვეზე მეტი გავიდა და არაფერი ვიცი გამოძიებაში რა ხდება, საქმის მასალა სადამდეა მიყვანილი. ჩვენთვის მთავარია დაისაჯოს ჩემი ძმის მკვლელი, ვინც ჩემი ძმა ჩაცხრილა, ჩვენმა მთავრობამ მოითხოვეს მისი საქმე, წამოიღოს საქართველოში, ქართველ ხალხში, საქართველომ გაასამართლოს და აგებინოს პასუხი. 

ამ დრომდე ვითხოვ მანქანის დაბრუნებას, რომელ მანქანაშიც ჩემი ძმა ჩაცხრილეს, ოჯახს სჭირდება მანქანა, ჩემი ძმის მეუღლე დიალიზზეა, დღეგამოშვებით დაგვყავს გორში", - ამბობს ნიკოლოზ გინტური.

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დირექტორი, უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ აუცილებელია ოჯახს ჰქონდეს მასალებთან წვდომა, იყოს ინფორმირებული ყველა საგამოძიებო ღონისძიების შესახებ. ორგანიზაცია, რომელიც ოჯახს სტრასბურგში ადვოკატირებას გაუწევს, მასალები თავადაც გამოითხოვა.

"თუ გახდება და ოჯახის ინტერესიც იქნება, შემდგომ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვისურვებდით რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსადმი იყოს ასევე მიმართვა, სადაც იქნება დაყენებული რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი ამ კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებით", - ამბობს ნანუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური, მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.  დოთიაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი