პატრულის მანქანის დაჯახების შემდეგ, არასრულწლოვანი გარდაიცვალა - პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნდა:

პატრულის მანქანის დაჯახების შემდეგ, არასრულწლოვანი გარდაიცვალა - შესაბამის განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. საქმე ეხება შემთხვევას, როდესაც თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ, პატრულის მანქანა არასრულწლოვანს დაეჯახა

განცხადებიაში წერია, რომ გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს პროკურატურამ ლისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.)

გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე ლისის გზაზე მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, ქვეითად მოსიარულე 2008 წელს დაბადებულ მ.გ.-ს შეეჯახა, რომელიც იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ავარია ლისის ტბის მიმდებარედ რამდენიმე საათის წინ მოხდა. არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პოლიციელი ქვეითად მოსიარულე ადამიანს დაეჯახა. ბოლო პერიოდში ყველაზე გახმაურებული შემთხვევა, 2020 წლის 26 ივლისის ბოლოს მოხდა, როცა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელი მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით სოფელ არაგვისპირთან
ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანს შეეჯახა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. პროკურატურამ ამ ფაქტზე პოლიციის თანამშრომელი დააკავა.

მანამდე, მიმდინარე წლის 21 ივლისს, პოლიციის თანამშრომელი ქვეითად მოსიარულე ასაკოვან ქალს დაეჯახა. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო. 19 მაისსაც, პოლიციელი, რომელიც სამსახურის მანქანას მართავდა, გაბრიელ სალოსის გამზირზე, ქვეითს დაეჯახა. უწყების ცნობით, მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი