თამარ ბაჩალიაშვილის დედა ამბობს, რომ სოციალურ ქსელში ემუქრებიან. თეონა თამაზაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც ოჯახმა 23 წლის პროგრამისტის სიკვდილის ახალ გარემოებებზე ისაუბრა, უცხო პირები მას აფრთხილებენ, რომ მეორე შვილიც ჰყავთ.
ოჯახის ადვოკატმა ამ შინაარსის გზავნილები საგამოძიებო უწყებას უკვე გადასცა. მიხეილ რამიშვილიც და ბაჩალაიშვილების ოჯახიც გამოძიების დაწყებას და კონკრეტული პირების დადგენას ითხოვენ.
კომენტარის ავტორი, რომელიც საზოგადოების ნაწილის აზრით, ტროლია, "მთავართან" საუბარში ამბობს, რომ რეალური პიროვნებაა, თუმცა საკუთარ სახელსა და გვარს არ ასაჯაროებს და ამბობს, რომ ამჟამად საქართველოში არ ცხოვრობს.
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე სკანდალური განცხადება გარდაცვლილის დედამ მთავარ პროკურატურასთან გუშინ, 30 აგვისტოს გააკეთა. თეონა თამაზაშვილი ამტკიცებს, რომ მისმა შვილმა გაშიფრა სქემა, როგორ ამარაგებდა საქართველოდან სამი მაღალჩინოსანი იარაღით, ყარაბახის ომს.
თამაზაშვილის წყაროს ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი სწორედ ამ სქემაში იყო ჩართული და მილიონობით ლარის ტრანზაქციებს ასრულებდა.