თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე დღეს სკანდალური განცხადება გარდაცვლილის დედამ მთავარ პროკურატურასთან გააკეთა. თეონა თამაზაშვილი ამტკიცებს, რომ მისმა შვილმა გაშიფრა სქემა, როგორ ამარაგებდა საქართველოს სამი მაღალჩინოსანი ყარაბახის ომს იარაღით. თამაზაშვილის წყაროს ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი სწორედ ამ სქემაში იყო ჩართული და მილიონობით ლარის ტრანზაქციებს ასრულებდა. თამარის დედას დღეს არ დაუკონკრეტებია წყარო, რომლის ინფორმაციამაც, შესაძლოა, საქმე თავდაყირა დააყენოს. გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის ოჯახი თურქეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოებს ახლა ამ ინფორმაციის გადამოწმებას და საქმეში ჩართვას სთხოვს.
დაიწყებს თუ არა პროკურატურა გამოძიებას ამ სკანდალური განცხადების შემდეგ, უცნობია. თუმცა ოპოზიციური სპექტრი თანხმდება, რომ თეონა თამაზაშვილის ამ ბრალდებას სახელმწიფომ დროული პასუხი უნდა გასცეს. ბურუსით მოცულ საქმეში რომ ბევრი კითხვის ნიოშანი არსებობს ამაზე ექსპერტებიც საუბრობენ და აცხადებენ, რომ გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის სისხლის სამართლის საქმეში ყველა ვერსიას არსებობის უფლება აქვს.
45 დღეზე მეტია, ბაჩალიაშვილები გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ და სწორედ ამიტომ მათ დღეს აქცია მთავარ პროკურასთან გამართეს. ოჯახი ითხოვს საქმეში ფედერალური ბიუროს ჩართვას, შემთხვევის ადგილის სატელიტიდან გადაღებულ ფოტოებსა და სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულ სრულ ვიდეო მასალას. მშობლები ამტკიცებენ, რომ მათი შვილი მოკლეს და რომ ამაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელი ურევია. აქედან გამომდინარე დღეს მათი მთავარი მოთხოვნა საქმის განზრახ მვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირება იყო.
სიმართლის საძებრად გამოსულ ოჯახს პროკურატურასთან ის ადამიანებიც შეუერთდნენ, რომლებიც სისტემას შეეჯახნენ და რომლებმაც წლების განმავლობაში სამართალს ვერ მიაღწიეს. ბაჩალიაშვილების ოჯახს აქციაზე შვილმოკლულმა მშობლებმაც გამოუცხადეს სოლიდარობა ერთი მოთხოვნით, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით მართული გამოძიების პროცესები უნდა დასრულდეს.
თამარ ბაჩალიაშვილის სისხლის სამართლის საქმეში პირველი დღიდან არსებობს უამრავი კითხვის ნიშანი. ოჯახი გამოძიებას არ ენდობა, მათ სჯერათ რომ თამარ ბაჩალიაშვილი მოკლეს და ამის გამოძიება უწყებებს არ სურთ, რადგან საქმეში შესაძლოა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყოს ჩართული. ბაჩალიაშვილების ოჯახის უმძიმეს ბრალდებებს დღეს არცერთ საგამოძიებო უწყებას არ გამოხმაურებია. გაუგებარია რატომ სდუმს სახელმწიფო, როცა მათ საერთაშორისო სკანდალში სდებენ ბრალს.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
კომპანია "ZAG"-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.