
საერთაშორისო საზოგადოების თვალში იმიჯის აღსადგენად "ოცნება" ამომრჩევლთა დაშინებისა და იძულების ფაქტებზე კანონს ამკაცრებს. მმართველი პარტია მიმდინარე კვირაში საკანონმდებლო ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს.
ცვლილებების თანახმად, ამომრჩევლთა იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე კანონი გამკაცრდება. ოპოზიციის თქმით, მსგავსი ქმედება კანონის არსებული რედაქციითაც დასჯადია, "ქართული ოცნების" ინიციატივა კი მხოლოდ საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის თავის მოწონებაა.
"ნაციონალური მოძრაობა" დღეს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების ალტერნატიულ საკანონმდებლო წინადადებას წარადგენს, რომელიც ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს ეფუძნება.
ეს ეხება საარჩევნო კომისიებში პარტიების წარმომადგენლობას, საარჩევნო უბნების და კენჭისყრის ფარულობის დაცვას და გადაღების აკრძალვას, - განმარტავს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე.
ცნობისთვის, 26 აგვისტოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით, ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, გამოიწვევს ჯარიმას ან შინაპატიმრობას 6 თვიდან 2 წლამდე, ან და თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.