თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის ინფორმაციით, ერთ-ერთ კომპანიას, რომელსაც მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის კონტრაქტი შეუწყვიტა, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რამდენიმე დღეში 15 მილიონიანი ხელშეკრულება გაუფორმა. ნადირაძის თქმით, კომპანია "ქართულ ოცნებასთანაა" დაკავშირებული.
"კომპანია, რომელიც კახი კალაძემ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციიდან გააგდო და თქვა, რომ უხარისხოდ იყო სამუშაოები შესრულებული, დროში ვერ ჩაეტია და ეს ნამდვილად ასე იყო, ხელშეკრულების შეწყვეტიდან რამდენიმე დღეში იმის ნაცვლად, რომ შეეყვანათ შავ სიაში, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მისცა დაახლოებით 15 მილიონი ლარის კონტრაქტი. საუბარია კასპი- ახალქალაქის საავტომობილო გზის დაახლოებით 11 კმ-ზე და მერე თუ გაგიკვირდებათ - რატომ ჩაბარდა ხიდი, რატომ ჩაინგრა გზა - პასუხი არის მარტივი - კორუფცია, ნეპოტიზმი. კომპანია, რომელიც რეალურად უნდა იყოს შავ სიაში, ეს კომპანია იღებს 15 მილიონ ლარს და რატომ? იმიტომ, რომ ეს კომპანია, ეს პირი დაკავშირებულია “ქართულ ოცნებასთან.” - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.