დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, ეროვნულ გალერეაში ხანძრის შემდეგ ინვენტარიზაციისთვის რუსი რესტავრატორები ჩავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა apsnypress-ი ავრცელებს და წერს, რომ დელეგაციას რუსეთის კულტურის სამინისტროს მუზეუმებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ნატალია ჩეჩელი ხელმძღვანელობს.
"დავიწყეთ ნახატების შესწავლით და აღწერით. ეს საშუალებას მოგვცემს გავიგოთ, რამდენად სასწრაფოდ არის საჭირო რესტავრაცია და განვსაზღვროთ რა ტიპის სამუშაოებია საჭირო", - თქვა ჩეჩელიმ.
მისი თქმით, ხანძარს გადარჩენილი ზოგიერთი ნახატი შეიძლება მთლიანად აღდგეს.
"მოვედით ზეთის მხატვრობის დარგის სპეციალისტებით. ამ ტექნიკით დახატული ნახატები ყველაზე მეტადაა დაზიანებული. ჩვენს ყველა სპეციალისტს აქვს ხანძრის დაზიანებასთან მუშაობის გამოცდილება. სამუშაოები დაუყოვნებლად უნდა ჩატარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუქცევადი პროცესი დაიწყება", - განაცხადა მან.
მედიის ცნობით, ყველაზე დაზიანებული ზოგიერთი ნახატი რესტავრაციისთვის მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის სპეციალიზებულ დაწესებულებებს გადაეცემა.
შეგახსენებთ, რომ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეროვნულ გალერეას ცეცხლი 21 იანვარს ღამით გაუჩნდა. ხანძარმა თითქმის მთელი კოლექცია გაანადგურა.