2008 წლის ომის შედეგად დაზარალებული უფლებების ეფექტიანი დაცვისთვის შეიქმნას საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდი | საია საგარეოს

გამოქვეყნდა:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს, რომ 
რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უფლებების ეფექტიანად დასაცავად, საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდი შექმნას.

როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე ამბობს, ამ ფონდის გარეშე შეუძლებელი იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, საქართველოს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება.

2022 წლის მარტში ეს საკითხი საიამ უკვე დააყენა ევროპული სასამართლოს წინაშე რუსეთის წინააღმდეგ ინდივიდუალური საჩივრების სამართალწარმოების ფარგლებში.

"დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ბატონ ილია დარჩიაშვილს. ჩვენი მიმართვის მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებული უფლებების ეფექტიანი დაცვისთვის შეიქმნას, საერთაშორისო ღონისძიებების ფარგლებში, შესაბამისი საკომპენსაციო ფონდი, რომელიც უზრუნველყოფს დაზარალებული მოსახლეობის ინტერესების დაცვას. სწორედ ამ მიზნით დღეს ჩვენ მივმართავთ საგარეო საქმეთა მინისტრს.

როგორც საზოგადოებისთვის და სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის არის ცნობილი, საია უკვე წლებია იცავს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ინტერესებს. ჩვენ ამ დროისთვის არაერთი პირის საქმეს ვაწარმოებთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ჩვენთვის, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის და ასევე ომის დაზარალებულების ადვოკატებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გაატაროს ის ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს დაზარალებული მოსახლეობის ინტერესების ეფექტიანად დაცვას. 

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკვე მიიღო გადაწყვეტილებები სახელმწიფოთაშორის დავაზე, რომელიც ეხებოდა ომის მოვლენებს და საქართველოს სასარგებლოდ, რუსეთის ფედერაციას დაეკისრა 130 მილიონი ევროს გადახდა. ამ თანხის უზრუნველყოფა და ამ გადაწყვეტილების აღსრულება დამოკიდებულია იმაზე,შეასრულებს თუ არა რუსეთის ფედერაცია ამ გადაწყვეტილებას და როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რუსეთის ფედერაცია ამ დროისთვის არ თანამშრომლობს ევროპის საბჭოსთან. ის გარიცხულია ევროპის საბჭოდან და, შესაბამისად, მისი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ის არ აღასრულებს ამ გადაწყვეტილებებს. იმისთვის, რომ არ დადგეს საფრთხის ქვეშ ამ გადაწყვეტილების აღსრულება, საია მიიჩნევს, რომ ევროპის საბჭოში აგვისტოს ომის შედეგად და შემდგომ პერიოდში რუსეთის ფედერაციის მიერ დაზარალებულებისთვის უნდა შეიქმნას საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდი...ასეთი ფონდის გარეშე, შეუძლებელი იქნება ამ გადაწყვეტილებების აღსრულება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ იმოქმედოს დროულად... ჩვენი მოწოდება არის, რომ ხელისუფლებამ, კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყოს შესაბამისია ადვოკატირების კამპანია საერთაშორისო დონეზე", - ამბობს ქურდოვანიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი