ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა სომხეთის პრემიერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩვენ, რა თქმა უნდა, ისტორიულად ვართ ძალიან ძლიერი მოკავშირეები, მეგობრები, არამხოლოდ მეზობლები, გვაქვს ძალიან კარგი პარტნიორობა, ურთიერთობა ყველა მიმართულებით. და დე-ფაქტო, შეიძლება ასე ითქვას, ჩვენ ვიყავით სტრატეგიული მეგობრები, სტრატეგიული პარტნიორები და დღეს უკვე შეიძლება ითქვას, ეს რეალობა, ეს მოცემულობა გაფართოვდა და დღეს ხელი მოვაწერეთ ოფიციალურად სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანამშრომლობის შეთანხმებას", - თქვა ღარიბაშვილმა.
"დღეს შედგა სომხეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-13 სხდომა. მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ კოლეგებს ამ სხდომის თბილისში მასპინძლობისა და მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. საქართველომ და სომხეთმა დღეს მიაღწიეს დიდ წინსვლას, ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ. ეს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია და გამოხატავს ჩვენს მიზანდასახულობას", - განაცხადა ფაშინიანმა.
ცნობისთვის, ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში დღეს ჩამოვიდა.