"არ არსებობს ფაქტები, რომელიც ნათელს მოჰფენს ილ-76-ის ჩამოვარდნის გარემოებებს" | პოდოლიაკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსები აქტიურად მანიპულირებენ ბელგოროდის ოლქში "ილ-76"-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის საკითხზე და ამის მიზანი უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემის პროცესის შენელებაა. 

მისი თქმით, რუსებს შესაძლოა სხვა მიზნებიც ჰქონდეთ. კერძოდ, საოკუპაციო ძალების მიერ ომის წესებისა და კონვენციების დარღვევაზე ცივილიზებული სამყაროს ყურადღების შემცირება.

პოდოლიაკი ასევე ამბობს, რომ არ არსებობს ფაქტები, რომელიც ნათელს მოჰფენს "ილ-76"-ის ჩამოვარდნის გარემოებებს. უცნობია ისიც, თუ ვინ იმყოფებოდა ბორტზე, რადგან რუსები აქტიურად ეწინააღმდეგებიან საერთაშორისო გამოძიებას.

"რას ვხედავ ამაში? ორ რამეს. პირველი არის უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემის შენელება. ბოლო თვეებში ჩვენ ვნახეთ, რომ დიდი რაოდენობით რუსული თვითმფრინავი განადგურდა, ანუ რუსეთის ფედერაციისთვის მნიშვნელოვანია, ეს არ მოხდეს, უკრაინას არ ჰქონდეს შესაძლებლობა ჩამოაგდოს რუსული თვითმფრინავები ან გამოიყენოს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები ფრონტის ხაზის გასწვრივ," - თქვა პოდოლიაკმა.

შეგახსენებთ, რომ ავიაკატასტროფა 24 იანვარს მოხდა. რუსეთი ამტკიცებს, რომ ილ-76-ის ბორტზე 65 უკრაინელი ტყვე იმყოფებოდა, რომლებიც უნდა გაეცვალათ. მათივე მტკიცებით, თვითმფრინავიც უკრაინამ ჩამოაგდო. თუმცა, უკრაინა ბრალდებებსა და რუსულ პროპაგანდისტულ ინფორმაციებს არ ადასტურებს. უშიშროების სამსახურმა მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი