ბათუმის სასამართლოში 16 წლის ლუკა აბულაძის საქმის განხილვა გრძელდება. გუშინდელ პროცესზე, რომელიც დაახლოებით 6 საათს გაგრძელდა, "ოქროს მოწმე" გამოკითხეს. ის საბედისწერო დღეს აბულაძესთან ერთად "ბანანზე" იმყოფებოდა. თუმცა, სხდომა დახურული იყო, რადგან მოწმე არასრულწლოვანია.
"მან დეტალურად მიუთითა სასამართლოს, თუ რა მოქმედებები განახორციელა ბრალდებულმა შემთხვევის ადგილზე, რა მოქმედებები განახორციელა უშუალოდ მის წინააღმდეგ. ეს მოწმე არის ერთ-ერთი მოწმე, რომელსაც უშუალოდ წაართვა ჟილეტი, რომელიც თავის გადასარჩენად მოხსნა "ბანანიდან" აღნიშნულმა პირმა, არასრულწლოვანმა, ხოლო ბრალდებულმა იგი წაართვა მას და ამის შესახებ დეტალურად ისაუბრა. ასევე, დეტალურად ისაუბრა მის ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობაზე, როგორც შემთხვევის ადგილზე, ასევე შემდგომ პერიოდშიც. მან დაადასტურა, რომ ბანანზე იჯდა ასევე ერთ-ერთი დაზარალებული, ასევე ამ საქმეზე გარდაცვლილი ლუკა აბულაძე. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტი და მოვლენა დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით," - ამბობს პროკურორი თორნიკე გოგეშვილი.
მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის უფლებადამცველები კი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ. ბრალდებულ საღინაძეს სურს, რომ მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. თუმცა, ამის საშუალება არ ეძლევა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, დაუმთავრებელ დანაშაულს მსაჯულები ვერ განიხილავენ.
"მოწმის დაკითხვამ ცალსახად დაადასტურა ის, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში დაცვის მხარე ამბობდა, რომ არცერთ იქ მყოფ ადამიანს, "ბანანის" გადაბრუნების ადგილზე, ზღვაში, დაზარალებული წყლის ზედაპირზე არ უნახავთ. დაზარალებული არ დაუნახავთ, რომელიც შველას ითხოვდა და რომელიც გასაჭირში იმყოფებოდა. შესაბამისად, არალოგიკურია ბრალდება ედავებოდეს ადამიანს დანაშაულის ჩადენას, ისეთი ადამიანის მიმართ, რომელიც ადგილზე არ უნახავს და, შესაბამისად, ასევე დადასტურდა დღევანდელი დაკითხვით, სხვა დაკითხვებით, რომ გამოძიება არ არის სრულყოფილად ჩატარებული," - აცხადებს ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გამოძიების ვერსიით, 2023 წლის ივლისში, ბათუმში 16 წლის ლუკა, რომელიც ზღვაში, კატერზე გამობმული გასაბერი "ბანანით" გაიყვანეს ზღვაში განზრახ გადააგდეს. ლუკასთან ერთად, პროკურატურის ვერსიით, კიდევ 3 მოზარდი იმყოფებოდა და მათ ჟილეტებით სარგებლობის უფლება არ მისცეს.
მოზარდის დაღუპვის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 პირი ჰყავს დაკავებული. ნოდარ მამულაძესა და ლუკა მარკოიძეს დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ ბრალად. ზურაბ საღინაძეს კი არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა.
ამავე თემაზე ნახეთ: