დავალებები ГРУ-სა და ФСБ-ს გენერლებისგან - "პატრიოტებს" რუსეთიდან საყვედურობენ

გამოქვეყნდა:

"პატრიოტთა ალიანსი" კრემლიდან ფულთან ერთად კონკრეტულ დავალებებსაც იღებს - რა თქვან, რა  გააკეთონ და როგორ გააღვივონ პრორუსული განწყობები.

ყველაფერი უმცირესი დეტალების დონეზე იშიფრება, მითითებები კი პირდაპირ საგარეო დაზვერვის გენერალ ჩერნოვის მაგიდიდან მოდის. 

ახალი დოკუმენტები რუს ჟურნალისტებს სწორედ პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციიდან ჩაუვარდათ ხელში. ერთერთ ასეთ დოკუმენტში თეზისებადაა ჩაშლილი რა უნდა თქვან პრორურუსული პარტიის ლიდერებმა.

"პატრიოტთა ალიანსი" მოსკოვში პოლიტიკური პიარისთვის კომპანია "პოლიტ სიქრეთსთან" თანამშრომლობს. რუსი ჟურნალისტების მიერ მოძიებული დოკუმენტებით, ამ მომსახურებაშიც ფულს კრემლი იხდის. "მუსიკასაც" საგარეო დაზვერვის გენერალი ჩერნოვი უკვეთავს, რომელსაც "პოლიტ სიქრეთს" პერიოდულად დეტალურ ანგარიშს უგზავნის - რა შეასრულა ალიანსმა და რა არა. 

უფროსები - ვისი უკმაყოფილებითაც ვერა ბლაშენკოვა თბილისელ პარტნიორებს აშინებს - სწორედ გრუ-ს, "ეფესბესა" და "ესვიარის" მაღალჩინოსნები არიან. ირკვევა ისიც, რომ გენერალ ჩერნოვის მარჯვენა ხელი და გრუ-ს ოფიცერი ვალერი ჩერნიშოვი ხშირად სტუმრობს სოხუმს.

შეხვდა თუ არა ჩერნიშოვი ილორის მოსალოცად გადასულ ირმა ინაშვილს, რუსი ჟურნალისტებისთვის უცნობია. ზოგჯერ კი მოსკოვი თავის დავალებებში იმდენად შორს მიდის, რომ ალიანსი მათ შესრულებაზე უარს ამბობს. 

მოსკოვიდან მიღებულ დავალებებს შორისაა გარკვეული პერიოდულობით აქციების მოწყობა, რუსული ოკუპაციიდან ყურადღების გადატანა გამოგონილ საფრთხეებზე, მათ შორის აჭარაზე.

გასაჯაროებული მასალა ოპოზიციისთვის ადასტურებს, რომ ალიანსი კრემლის რუპორია და აფხაზეთიდან დაბრუნების შემდეგ მოსკოვიდან მიღებული თეზისები გაიმეორა. 

ოპოზიციაში ამბობენ რომ "პატრიოტთა ალიანსი", როგორც კრემლიდან მართული დესტრუქციული ძალა,  არჩევნებიდან უნდა მოიხსნას, სანამ ძალიან გვიან არ არის. 

რა სქემით აფინანსებს კრემლი პრორუსულ პარტიას საქართველოში, რა დავალებებს იღებს "პატრიოტთა ალიანსი" პუტინის ადმინისტრაციიდან და რა საფრთხეს უქმნის მტრულად განწყობილი ქვეყნის პირდაპირი ჩარევა საპარლამენტო არჩევნებში, ეს არის საკითხი, რომლის გამოძიებას "ქართული ოცნება" არ აპირებს. ბრალდებებს გამოგონილს უწოდებენ ალიანსის ლიდერებიც. 

გასაჯაროებული დოკუმენტების მიხედვით, "პატრიოტებმა" მოსკოვში გააგზავნეს საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების ჩამონათვალი და დოსიე, ვისაც ირმა ინაშვილი და დავით თარხან მოურავი მოკავშირეებად მოიაზრებენ. მათი ნაწილისთვის ეს ინფორმაცია სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა.  

"პატრიოტთა ალიანსის" რუსული კავშირების შესწავლაზე პროკურატურამ უარი თქვა. აუდიტის სამსახური პარტიის ფინანსების წარმომავლობას სწავლობს, დამალული ან უკანონო შემოსავალის აღმოჩენის შემთხვევაში კი პარტიას მხოლოდ ფინანსური სანქცია დაეკისრება. 

თუმცა "პატრიოტთა ალიანსის" საქმეში არის კიდევ ერთი კუთხე, რა მიმართულებითაც ხელისუფლებას გამოძიების დაწყება ჯერ კიდევ წლების წინ შეეძლო. კერძოდ, ეს არის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების კავშირები კონკრეტულ პოლიტიკურ ლიდერებთან და ამ პარტიის ანტისახელმწიფოებრივი გამოხტომები. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში უახლოეს დღეებში ელოდებიან სრულყოფილ დოკუმენტაციას "პატრიოტთა  ალიანსიდან". რუსი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, ალიანსის ფინანსები 8 მლნ დოლარს აღწევს, რომლის წარმომავლობას დოსიე ცენტრი სწორედ კრემლს უკავშირებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი