
აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესეს. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ირანელი მაღალჩინოსნები, რომლებიც, მათი თქმით, საფრთხეს უქმნიან მათ ეროვნულ უსაფრთხოებას და ახდენენ ზეწოლას საზღვარგარეთ მყოფ ირანელ აქტივისტებსა და ოპოზიციონერებზე.
მედიის ცნობით, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სანქციები შეეხო 7 ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს, რომლებიც ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსსა და სამხედრო სტრუქტურას უკავშირდებიან, რომელიც საზღვარგარეთ დივერსიულ ოპერაციებს ახორციელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ სანქცირებული ირანელი ოფიციალური პირები დამოუკიდებელი ირანული ტელეარხის Iran International-ის წამყვანების მკვლელობის მცდელობაში მონაწილეობდნენ.
"ირანის რეჟიმი და მისი სახელით მოქმედი კრიმინალური დაჯგუფებები მიუღებელ საფრთხეს უქმნის ბრიტანეთის უსაფრთხოებას. ბრიტანეთმა და აშშ-მა გააგზავნეს მკაფიო გზავნილი: ჩვენ არ მოვითმენთ, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კემერონმა.
ახალი სანქციები მას შემდეგ გამოცხადდა, რაც პროირანულმა ჯგუფებმა ჩრდილო-აღმოსავლეთ იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზას დაარტყეს. თავდასხმას სამი ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.
იხილეთ ასევე: