სახალხო დამცველმა დაადგინა შალვა რამიშვილის მიერ ანანია გაჩეჩილაძის სექსუალური შევიწროების ფაქტი

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველმა დააკმაყოფილა ანანია გაჩეჩილაძის მოთხოვნა და დაადგინა POSTV-ის დირექტორის, შალვა რამიშვილის მიერ ანანია გაჩეჩილაძის სექსუალური შევიწროების ფაქტი. ომბუდსმენს ანანია გაჩეჩილაძემ მას შემდეგ მიმართა, რაც ფაქტის ამსახველი აუდიოჩანაწერი გავრცელდა. მან აპარატში განცხადებასთან ერთად შეიტანა მტკიცებულებები, მათ შორის აღნიშნული ჩანაწერიც.

"2018 წელს განმცხადებელს, ანანია გაჩეჩილაძეს დაუკავშირდა "pos tv"-ის დირექტორი, შალვა რამიშვილი და შესთავაზა ინტერვიუს მომზადება. ინტერვიუსთან დაკავშირებით შეხვედრა რამდენიმე დღეში შედგა. შეხვედრის განმავლობაში, ნაცვლად ინტერვიუსთან დაკავშირებული დეტალებისა, შალვა რამიშვილი ანანია გაჩეჩილაძეს უსვამდა პირადი ხასიათის შეკითხვებს, აფასებდა მის გარეგნობას უარყოფით თუ სექსუალურ კონტექსტში, აგრეთვე ადგილი ჰქონდა არასასურველ სექსუალური ხასიათის ფიზიკურ შეხებას. სახალხო დამცველმა დაადგინა სექსუალური შევიწროების ფაქტი ფიზიკურ შეხებასთან და სხეულისა და გარეგნობის თაობაზე გაკეთებულ შეფასებებთან დაკავშირებით. სახალხო დამცველი დაეყრდნო განმცხადებლის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, ვინაიდან შალვა რამიშვილმა არ ითანამშრომლა აპარატთან. წინამდებარე საქმის შესწავლის პროცესში, მოპასუხეს განემარტა მტკიცების ტვირთის სტანდარტი, თუმცა, მოპასუხეს სექსუალური შევიწროების ფაქტის უარყოფის მიზნით, მისი პოზიცია/არგუმენტები არ წარმოუდგენია. საქმე მნიშვნელოვანია/პრეცედენტულია რადგან სახალხო დამცველმა პირველად დაადგინა, სექსიზმი, როგორც სიძულვილის ენის აკრძალვის ერთ-ერთი ფორმა, რაც რეგულირდება „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით", - ნათქვამია განცხადებაში.

ანანია გაჩეჩილაძის ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავდა. ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ შალვა რამიშვილის მიერ ანანია გაჩეჩილაძის სხეულისა და გარეგნობის თაობაზე გამოხატული შეფასებები სახალხო დამცველმა განიხილა სექსიზმის კონტექსტში, რაც, თავის მხრივ, სქესისა თუ გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის წახალისების სახედ მიიჩნევა. ორგანიზაციის განცხადებით, საგულისხმოა, რომ სახალხო დამცველმა სექსიზმი ამ საქმეში პირველად დაადგინა.

"გადაწყვეტილების ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შალვა რამიშვილს, რათა მან, მომავალში, პროფესიულ და სხვა ურთიერთობებში, არ განახორციელოს სექსუალური შევიწროება და არ შეუქმნას ინდივიდებს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ან/და მათი ღირსებისთვის შეუსაბამო გარემო", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ "ფორმულას" მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი 2018 წლით თარიღდება და ის POSTV-ის ოფისში, რამიშვილის პირად კაბინეტში ჩაიწერა, სადაც ანანია გაჩეჩილაძე გადაცემის მოსამზადებლად დაიბარეს. ჩანაწერი 2 საათს გრძელდება - სექსუალური ხასიათის ვერბალური ძალადობის შემდეგ, ისმის როგორ უახლოვდება შალვა რამიშვილი გოგონას, გვერდით უჯდება და ფიზიკურ შეხებას ცდილობს.

ანანია გაჩეჩილაძე ამ საუბრის დროს 22 წლისაა, შალვა რამიშვილი კი 47 წლის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი