ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩის N23-ში ოთხის ნაცვლად 40 სართულიანი კორპუსი აშენდება, რომლის სიმაღლე 120 მეტრამდე იქნებ - ინფორმაციას რეგიონული გამოცემა "აჭარა თაიმსი" ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტერიტორიაზე ძველი საბჭოთა დროინდელი კორპუსის დემონტაჟი მალე დაიწყება, მანამდე კი კომპანიამ ტერიტორია შეღობა. ნებართვას ხელს ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი აწერს.
ბათუმის მერიიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაში წერია, რომ მრავალსართულიან შენობას შპს “სკაილაინ გრუპი” აშენებს, რომლის დირექტორი, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გიორგი შარაშიძეა.
ამ კორპუსიდან რამდენიმე მეტრში, ტბელ აბუსერიძის ქუჩის N19-ში კიდევ ერთი მრავალსართულიანი შენდება. ორივე მშენებლობის ნებართვა ერთ პაკეტშია მოქცეული, მშენებელი კომპანიების სახელწოდებებიც თითქმის იდენტურია (შპს. სკაილაინ ჯგუფი და შპს სკაილაინ გრუპი).
ტბელ აბუსერიძის N19-ში მიმდინარე მშენებლობაზე “აჭარა თაიმსი” დეკემბერში წერდა. მათივე ინფორმაციით, ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე მშენებლობით “ქართული ოცნების” შემწირველი ვასილ ხორავაა დაინტერესებული. მან მმართველ პარტიას ფული ორჯერ ჩაურიცხა, ჯამში 13,000 ₾ ოდენობით. ვასილ ხორავა ასევე, რამდენიმე კომპანიის მეწილე და დირექტორია. ის წლების წინ “საქართველოს რკინიგზის” ინფრასტრუქტურის დირექტორი იყო.