თბილისის მერი, კახი კალაძე კიდევ ერთხელ ამბობს, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, საგზაო სამუშაოები 31 იანვრის საღამომდე დასრულდება. მთავრობის სხდომაზე მან თქვა, რომ გამზირზე საავტომობილო მოძრაობა 1-ელი თებერვლიდან ორმხრივად აღდგება.
"დედაქალაქის მოსახლეობას დავპირდით, რომ 31 იანვარს წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოები დასრულდებოდა და 1-ელი თებერვლიდან მოძრაობა ორმხრივად აღდგებოდა. გამზირზე სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს, რაც საღამომდე დასრულდება. პარალელურად, ხორციელდება დასუფთავების სამუშაოები, ხვალიდან კი მოძრაობა ორმხრივად აღდგება. კიდევ ერთი განახლებული გამზირი შეემატა ჩვენს ულამაზეს ქალაქს, რაც რასაკვირველია, ყველას გვახარებს, თუმცა უფრო სწორი და მართებული იქნებოდა მეთქვა, ყველას უნდა გვახარებდეს", - თქვა კალაძემ.
თბილისის მერმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა კონტაქტორი კომპანიები არაკეთილსინდისიერებაში. ასევე თქვა, რომ სამუშაოებს თან გასდევდა ოპოზიციის მხრიდან მუდმივი ისტერიკა, პანიკის თესვა, ლანძღვა, ცილისწამება.
"ის მუდმივი ისტერიკა, პანიკის თესვა, ლანძღვა, ცილისწამება, რაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში წერეთლის გამზირის სამუშაოებს გასდევდა, სხვა არაფერია, თუ არა სიძულვილი საკუთარი ქალაქის და თანაქალაქელების მიმართ. საზოგადოება კარგად ხედავს, 2017 წლიდან რამდენი რამ კეთდება, თუმცა ყოველთვის ფიქსირდება მანიპულაციები, სპეკულაციები. აღმშენებლობას უსამშობლო ადამიანები, ე.წ. პოლიტიკოსები ერთგვარ დანაშაულად აცხადებენ. ამ სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ, თუმცა ბევრია გონიერი ადამიანი, ვისაც უხარია ჩვენი ქალაქის განვითარება. ამ კაკაფონიის ფონზე ჭავჭავაძის, მელიქიშვილის, ქეთევან დედოფლის გამზირები განახლდა, უამრავი ქუჩა რეაბილიტირდა. ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება", - თქვა მერმა.