დღეს სასამართლო განიხილავს პოლიციელის საქმეს, რომელიც ლისის გზაზე მოზარდს დაეჯახა

გამოქვეყნდა:

დღეს, 2 სექტემბერს, სასამართლო განიხილავს პოლიციელის საქმეს, რომელიც ლისის გზაზე ქვეითად მოსიარულე 12 წლის მოზარდს ავტომანქანით დაეჯახა. შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა.

დაკავებულის ადვოკატის, ირაკლი ყავლაშვილის თქმით, ირაკლი ცომაია ბრალს აღიარებს და თავს დამნაშავედ ცნობს.

ამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 30 აგვისტოს მოხდა. მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პოლიციელი ქვეითად მოსიარულე ადამიანს დაეჯახა. ბოლო პერიოდში ყველაზე გახმაურებული შემთხვევა, 2020 წლის 26 ივლისის ბოლოს მოხდა, როცა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელი მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით სოფელ არაგვისპირთან
ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანს შეეჯახა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. პროკურატურამ ამ ფაქტზე პოლიციის თანამშრომელი დააკავა.

მანამდე, მიმდინარე წლის 21 ივლისს, პოლიციის თანამშრომელი ქვეითად მოსიარულე ასაკოვან ქალს დაეჯახა. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო. 19 მაისსაც, პოლიციელი, რომელიც სამსახურის მანქანას მართავდა, გაბრიელ სალოსის გამზირზე, ქვეითს დაეჯახა. უწყების ცნობით, მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი