"ქართულ ოცნებას" დღეს პოლიტსაბჭოს სხდომა და ყრილობა გაიმართება. პოლიტსაბჭოზე ოფიციალურად დამტკიცდება პრემიერის კანდიდატურა, ყრილობაზე კი პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. დღეს საჯაროდ მეორედ გამოჩნდება პოლიტიკაში დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 30 დეკემბერს მედიასთან თქვა, რომ მთავრობა არ შეიცვლებოდა, თუმცა, ერთი თვის შემდეგ, პრემიერი იცვლება.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, გუნდი სრული ერთსულოვნება არ არსებობს ირაკლი კობახიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა პრემიერი გახდეს. ცვლილებები იგეგმება მინისტრთა კაბინეტშიც - ბოლო ცნობებით, შესაძლოა ამ ეტაპზე მხოლოდ თავდაცვის მინისტრი შეიცვალოს და სხვა პოსტებზე ახალი კანდიდატურები კი არჩევნების შემდეგ დაინიშნონ.
დღეს ბექა დავითულიანმა, რომელიც კულტურის მინისტრის შემცვლელად მოიაზრებოდა, უარყო გავრცელებული ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოდან მთავრობაში გადასვლაზე.
"გაიცვალა ადგილები, მოხდა როტაცია იმისთვის, რომ ერთი მხრივ გუნდი შეიკრას და მთავრობის და პარტიის პოზიციები კიდევ უფრო დაახლოვდეს. [...] არ განვიხილები [კულტურის მინისტრის პოზიციაზე] ეს არ იყო რეალური ინფორმაცია", - თქვა მან.
"ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ თქვა, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ, სად, რომელ, თანამდებობაზეა და რომ ყველთვის ქართველ ხახლს უნდა ემსახურონ.
"როგორც ირაკლი კობახიძეს, ასევე ირაკლი ღარიბაშვილს აქვს სრული მხარდაჭერა, ორივეს, გუნდი არის ერთიანი, ეს რა თქმა უნდა თქვენთვის, კოლექტიური ნაცებისთვის სამწუხარო ინფორმაციაა, ის გადაწყვეტილებები რაც იქნა მიღებული", - თქვა კალაძემ.