"ქართული ოცნების" წევრები ყრილობის გასამართად იკრიბებიან. ჯერ საჯაროდ არ გამოჩენილან უკვე გადამდგარი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და გავრცელებული ინფორმაციით, მომავალი პრემიერი, ირაკლი კობახიძე.
პოლიტსაბჭოს სხდომა ერთ საათში უნდა დაიწყოს, შემდეგ კი ყრილობა გაიმართება.
ერთი თვის წინ პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნებულმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მთავრობა და პრემიერი არ შეიცვლებოდა. დღეს ჩვენ "ოცნების" წევრებს ვკითხეთ, აქვთ თუ არა აღნიშნულთან დაკავშირებით კითხვები ივანიშვილთან.
"თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს ვინ სად იქნება. [კითხვები არ გაქვთ რატომ მოგატყუათ მაშინ ბიძინა ივანიშვილმა?] ასე იყო საჭირო და იმიტომ", - ამბობს ზავრადაშვილი.
"ქართული ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი, გივი მიქანაძე ამბობს, რომ ირაკლი კობახიძემ დაამტკიცა, რომ ის ძალიან ძლიერი მენეჯერია და "შესაბამისად, ამ როტაციის გადაწყვეტილების მიღების კონტექსტში არ იყო გასაკვირი, არც გუნდისთვის და არც საზოგადოებისთვის გადაწყვეტილება, რომ ორივე არის უმაღლესი კლასის და კატეგორიის მენეჯერი და შესაბამისად ისინი გადაინაცვლებენ იმ პოზიციებზე, რომლებსაც ისინი ადრე ფლობდნენ".