ცხრა თვე დარჩა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე და ევროკავშირის თვალთახედვით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები გაიმართოს თავისუფლად და სამართლიანად. ეს ეხება არა მხოლოდ თავად არჩევნების დღეს, არამედ მთელ საარჩევნო კამპანიას. ჩვენ ველით, რომ საქართველოს მთავრობა მოიწვევს გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიას, მათ შორის ეუთოსა და ოდირს, მაგრამ ასევე სხვადასხვა რესპექტაბელურ სამოქალაქო ორგანიზაციებს. უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის ერთ-ერთი იმ ცხრა ნაბიჯთაგანი, რომლებიც იდენტიფიცირებულია ევროკომისიის მიერ და ეს იქნება მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საქართველოს განაგრძოს მოძრაობა ევროინტეგრაციის მიმართულებით.
ჩვენ საქართველოს წინა მთავრობასთან და წინა პრემიერმინისტრთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით და გასული წლის 14 დეკემბერს მივაღწიეთ ისტორიულ შედეგს, როდესაც საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. რა თქმა უნდა, ჩვენ ველით, რომ ასეთივე მჭიდრო თანამშრომლობა იქნება ახალ პრემიერმინისტრთან. მე თავადაც ძალიან დიდი ინტერესით ველი პარლამენტის სხდომას და იმედი მაქვს, რომ საქართველო ისევ გააგრძელებს მოძრაობას ევროინტეგრაციის გზაზე.
ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, რითაც დაამტკიცა, რომ მისი კარი ამ ქვეყნისთვის ღიაა. ახლა საქართველომ, იმისათვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, უნდა გაატაროს საჭირო რეფორმები. საქართველო უნდა იყოს ძლიერი ქვეყანა ძლიერი ინსტიტუტებით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროკომისიის 9 ნაბიჯზე მუშაობა უფრო ინტენსიური გახდება, მიუხედავად არჩევნებისა, რომელიც, ბუნებრივია, ბევრ ყურადღებას წაიღებს, და საქართველო გადავა შემდეგ ეტაპზე, რასაც ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყება ჰქვია.
ამბობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი.