უკრაინით დაღლილობა EU-ში ნამდვილად არ შეინიშნება. რაც აქ ხდება, ამას უფრო ორბანით დაღლილობა ქვია | ტუსკი

გამოქვეყნდა:

ევროპელი ლიდერები ბრიუსელში, სამიტის დაწყებამდე გაკეთებულ კომენტარებში უკრაინის დახმარების გაგრძელების მნიშვნელობაზე საუბრობენ და იმედოვნებენ რომ 27 ქვეყანა შეთანხმებას შეძლებს.

მთავარი თემა ორბანის ვეტო და წინააღმდეგობაა, რასთან დაკავშირებითაც, მწვავე იყო პოლონეთის პრემიერის დონალდ ტუსკის განცხადება:

"უკრაინით დაღლილობა ევროკავშირში ნამდვილად არ შეინიშნება. რაც აქ ხდება, ამას უფრო ორბანით დაღლილობა ქვია. მე არ მესმის და ვერ მივიღებ ვიქტორ ორბანის ამ ძალიან უცნაურ და ეგოისტურ თამაშს. მან უნდა გადაწყვიტოს, არის უნგრეთი ჩვენი საერთო ოჯახის წევრი თუ არა. ჩვენ ახლა ჩვენი ერთიანობა უნდა გავაძლიეროთ უკრაინის გარშემო და რუსეთისა და მისი აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ." ამბობს ტუსკი.

ნიდერლანდების პრემიერი, მარკ რუტე ამბობს, რომ ფრთხილი ოპტიმიზმითაა განწყობილი, რომ დღეს გამოსავალი მოიძებნება: 

"მე ფრთხილი ოპტიმიზმით ვარ განწყობილი და 27 წევრი სახელმწიფო აუცილებლად მიაღწევს შეთანხმებას, თუ უნგრეთი მზად იქნება, რომ კომპრომისზე წავიდეს. ამ მომენტისთვის ბევრი საუბარია, მაგრამ კონკრეტული შედეგი ჯერ-ჯერობით არ არის. მე ახლა ვერ ვისაუბრებ ვიქტორ ორბანის ყველა სურვილზე, იმიტომ რომ ჩემი სურვილები მაქვს, რომლებიც გაცილებით უკეთესია, ჩემი აზრით. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ რაღაცნაირად უნდა ვიპოვოთ გამოსავალი და იმედი მაქვს, ვიპოვით დღეს. " ამბობს რუტე.

"ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ მივაღწიოთ შეთანხმებას უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ. ეს არის მთავარი საკითხი და გვინდა, რომ ყველა ქვეყანა ერთსულოვანი იყოს. მესმის, რომ ვიქტორ ორბანს სურს ყურადღების ცენტრში ყოფნა ყოველთვის, როდესაც აქ ჩამოვდივართ, მაგრამ ახლა ერთსულოვნებაა მთავარი. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ და შემდეგ ეს შეთანხმება შევასრულოთ. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ყოველწლიურად გავმართოთ დისკუსია, მაგრამ უკრაინას გრძელვადიანი დახმარება ესაჭიროება" თქვა სამიტის დაწყების წინ, ესტონეთის პრემიერმა, კაია კალასმა.

ევროკავშირის მინისტერიალზე დღეს უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფაზე იმსჯელებენ. ლიდერები შეეცდებიან დაარწმუნონ უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი, უკრაინას სტაბილური დაფინანსების შეთავაზების გეგმას შეუერთდეს, მაგრამ ისინი ასევე მზად არიან მიაწოდონ ფული კიევს უნგრეთის გარეშე, თუ მათი არგუმენტები არ გაჭრის. აღნიშნული გეგმა ითვალისწინებს უკრაინის 2024-2027 წლების საჭიროებების დაფარვის ხელშეწყობას ევროკავშირის ბიუჯეტიდან, 33 მილიარდი ევროს მოცულობის სესხებით და 17 მილიარდი ევროს მოცულობის გრანტებით. 

ავტორი: რამაზ ხატიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი