ოლიგაქრის ფავორიტებმა პოზიციები გაცვალეს. "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, რიგგარეშე ყრილობაზე, რომელიც უჩვეულოდ ხანმოკლე აღმოჩნდა, პრემიერმინისტრის პოსტზე ირაკლი კობახიძე წარადგინა, ის მომავალი კვირიდან ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტს ჩაუდგება სათავეში. თავად მთავრობის ყოფილი მეთაური კი კობახიძის თანამდებობას გადაიბარებს. ჩამოქვეითების მიუხედავად ღარიბაშვილი დღეს თავშეკავებას ინარჩუნებდა და არც ტრადიციული მადლობა დავიწყებია.
სამთავრობო ცვლილებებს, რომელიც საბოლოო ჯამში მხოლოდ პრემიერმინისტრს შეეხო, "ოცნების" ლიდერები და თავად დამფუძნებელიც ირაკლი ღარიბაშვილის სურვილს უკავშირებენ, თუმცა თავად ყოფილი პრემერი ამ ფაქტს არ ადასტურებს. "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის გეგმა კი უკვე სისრულეში მოვიდა. ახლა ჯერი პარტლამენტზეა, მმართველი უმრავლესობა კაბინეტს, რომელშიც მინისმალური ცვლილება შევიდა, მომავალ კვირას დაამტკიცებს. თუმცა, რა დრო აქვს ღარიბაშვილის გუნდს ირაკლი კობახიძესთან ერთად სამუშაოდ, უცნობია. პოლიტიკურ კულუარებში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ "ოცნების" დიდი ნაწილი ღარიბაშვილის გარემოცვის მთავრობიდან ჩამოშორებას მოითხოვს.