ფოთში მდებარე არასამთავრობო ორგანიზაცია "შ-ფოთის" განცხადებით, ვალერიან გუნიას სახელობის ფოთის სახელმწიფო თეატრის რეაბილიტაციისთვის კიდევ 11 578 609 ლარია საჭირო.
ორგანიზაცია წერს, რომ თეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაში 274 650 ლარი დაიხარჯა.
"ფოთელები უკვე 14 წელია ვაკეთებთ თეატრს და ჯამში 28 028 910 ლარი დაგვიჯდება", - წერს ორგანიზაცია.
ორგანიზაცია იხსენებს, რომ თეატრი საზეიმოდ 2014 წლის 31 მაისს "ქართული ოცნების" მთავრობამ, ირაკლი ღარიბაშვილმა და ეკა ბესელიამ გახსნეს. ერთ თვეში შენობაში წყალი ჩავიდა, შემდეგ ჩავარდა ლიფტი, მოგვიანებით კი ჭერი ჩაინგრა.
"თეატრი დაიხურა, თუმცა არ დავნებებულვართ! წლების მანძილზე მის გასაკეთებლად ვაცხადებთ ტენდერებს და ვხარჯავთ ფულს, 11 მილიონზე მეტია მას შემდეგ დახარჯული და კიდევ 300 ათასის გადახდა დაგვჭირდა, რომ გაგვერკვია, რომ 11 მილიონი კიდევ ზემოდან უნდა დავამატოთ", - წერს ორგანიზაცია.
2023 წლის 29 იანვარს, ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ "საქმიანი დილის" ეთერში თქვა, რომ თეატრის რეაბილიტაცია 2023 წლის ბოლოს, 2024 წლის დასაწყისში დასრულდებოდა.