საოკუპაციო რეჟიმი სოხუმის აეროპორტის ამოქმედებას ივლისიდან აპირებს | რუსეთის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების საფრთხე

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის თქმით, სამუშაოების ამ ტემპით შესრულება იმისთვისაა საჭირო, რომ აეროპორტში ბაზა შეიქმნას. როგორც "ჩერნომორენერგოს" დირექტორი, თემურ ჯინჯოლია ამტკიცებს, აეროპორტი 2025 წლისთვის მზად იქნება, 2024 წლის ივლისიდან კი ტექნიკური ფრენები დაიწყება. 

"სოხუმის აეროპორტში უკვე დამონტაჟებულია ელექტროგადამცემი ხაზი და ტრანსფორმატორების სადგური. ეს აუცილებელია იმ სამშენებლო ბაზისთვის, რომელმაც აეროპორტის რეაბილიტაცია უნდა დაიწყოს. სავარაუდოდ, აეროპორტი 2025 წელს უკვე მზად იქნება. 2024 წლის ივლისიდან კი ტექნიკური ფრენები დაიწყება," - ამბობს ჯინჯოლია.

მოძრაობა "აფხაზეთის" წევრი, კობა ჭითანავა ამბობს, რომ არ არის გამორიცხული, საოკუპაციო რეჟიმმა აეროპორტი სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენოს და ოკუპირებული რეგიონი რუსეთ-უკრაინის ომში ჩაითრიოს. ის ხელისუფლებას მოუწოდებს, ანექსიის შესაჩერებლად ყველა მექანიზმი და რესურსი გამოიყენოს.

"არ გამოვრიცხავთ იმას, რომ საოკუპაციო რეჟიმმა ამას სამხედრო დანიშნულებაც მისცეს და მომავალში გამოიყენოს თავისი მიზნებისთვის, სამხედრო მიზნებისთვის რუსეთ-უკრაინის ომში, რაც ნიშნავს პირდაპირ იმას, რომ ამითი რუსეთი პრაქტიკულად ჩაითრევს დე ფაქტო ხელისუფლებას და ოკუპირებულ რეგიონს, აი, ამ სამხედრო დაპირისპირებაში. მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ სასწრაფოდ ყველა მექანიზმი და ყველა რესურსი გამოიყენონ, რომ შევაჩეროთ ეს განგრძობადი ანექსია," - ამბობს ჭითანავა.

ცნობისთვის, საოკუპაციო რეჟიმს, აფხაზეთის ომიდან მოყოლებული, 30 წელია სურს აამოქმედოს სოხუმის აეროპორტი. მას შემდეგ, რაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ოკუპირებული სოხუმის აეროპორტი რუსი ინვესტორისთვის გადაეცა, მშენებლობა აქტიურად დაიწყო.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი