პარლამენტში საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საპარლამენტო კონფერენცია იმართება, რომელშიც მონაწილეობას იღებენ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროინტეგრაციის კომიტეტების წარმომადგენლები ალბანეთიდან, ბოსნია ჰერცეგოვინიდან, მონტენეგროდან, სერბეთიდან და ჩრდილოეთ მაკედონიიდან. პანელურ დისკუსიას ესწრებიან "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლებიც.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი. ის ამბობს, რომ EU-ს კარი ასე ფართოდ ღია არასდროს ყოფილა და თითოეულმა ქვეყანამ გაწევრიანებისთვის თავად უნდა გააკეთოს ყველაფერი.
მისივე თქმით, ქვეყნები, რომლებიც რეალურ რეფორმებს ახორციელებენ, უფრო სწრაფად წევრიანდებიან EU-ში, ვიდრე ისინი, ვინც მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებებით შემოიფარგლებიან. ჰერჩინსკი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, რომ რეფორმებს ძალიან სერიოზულად შეხედონ და ერთობლივად იმუშაონ.
"ევროკავშირის კარი ასე ფართოდ ღია ადრე არასდროს ყოფილა და თითოეულმა ქვეყანამ თავად უნდა გააკეთოს ყველაფერი გაწევრიანებისთვის. მნიშვნელოვანია ფუნდამენტურ საკითხებზე კონცენტრირება - კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებებზე, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაზე. მე მოვუწოდებ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, შეხედონ ამ რეფორმებს ძალიან სერიოზულად. როგორც დასავლეთ ბალკანეთის მაგალითი გვაჩვენებს, ქვეყნები, რომლებიც რეალურ რეფორმებს ახორციელებენ, უფრო სწრაფად წევრიანდებიან ევროკავშირში, ვიდრე ისინი, ვინც მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებებით შემოიფარგლება. რეკომენდაციების შესრულებას მუშაობა სჭირდება და მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს მუშაობა უნდა იყოს ერთობლივი. პარლამენტმა, მთავრობამ, ოპოზიციამ, სამოქალაქო საზოგადოებამ ერთად უნდა იმუშაონ", - ამბობს ჰერჩინსკი.
ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ "ოცნება" ცდილობს შექმნას ილუზია, რომ ის ევროკავშირთან დაახლოებას ცდილობს. "ოცნების" დეპუტატი, მაკა ბოჭორიშვილი კი ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორს EU-ში გაწევრიანების საკითხის "პოლიტიკურ ინსტრუმენტად" გამოყენებაში ადანაშაულებს.