"რთულია რაიმე რეაგირება გავაკეთოთ გამოძიების კუთხით" | გომელაური გინტურის მკვლელობაზე

გამოქვეყნდა:

შს მინისტრობის კანდიდატი ამტკიცებს, რომ მისი უწყება მაქსიმალურს აკეთებს საოკუპაციო ხაზის გასაკონტროლებლად და იქ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, თუმცა როგორც ვახტანგ გომელაური ამბობს, სრული გაკონტროლება შეუძლებელია და ხშირია "ჩვენი მოქალაქეების გადასვლა საოკუპაციო ხაზზე და მათი დაკავება".

ამ საკითხზე გომელაურმა პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა. გომელაური ამბობს, რომ სახელმწიფოს გამოძიებისთვის ბერკეტი არ აქვს:

"სამწუხარო ფაქტია ნამდვილად, თუმცა მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ რთულია ჩვენის მხრიდან რაიმე რეაგირება გავაკეთოთ გამოძიების კუთხით, როდესაც ვერ გადავდივართ და ვერ ვატარებთ საგამოძიებო მოქმედებებს მეორე მხარეს. აქედან გამომდინარე, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, გაძლიერებაა ამა თუ იმ სექტორის, ამა თუ იმ ადგილის. სამმხრივად ხდება შეთანხმება, ჩვენ არ გვაქვს თვითნებურად საგუშაგოს გახსნის, გაუქმების, ან გადატანის [უფლება]. თუნდაც 10 მეტრით რომ გადავაადგილოთ საგუშაგო, უნდა შეთანხმდეს ევროკავშირთან, სადამკვირვებლო მისიასთან, ასევე მესამე მხარესთან. აქედან გამომდინარე, ვცდილობთ ხოლმე მოძრავი პატრული დავნერგოთ და სიღრმეში ვიმუშაოთ რომ არ იყოს შენიშვნა. 

მთლიანად გადახურვა შეუძლებელია. 391 კილომეტრია... თავდაცვაც რომ გამოვიყვანოთ, მთელი პოლიცია რომ იქ ჩავიყვანოთ, ფიზიკურად ვერ შევძლებთ 100%-იან კონტროლს" ამბობს გომელაური.

მისი თქმით, საზღვრებს სრულად ისეთი ქვეყანაც ვერ აკონტროლებს, როგორიც აშშ-ია.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე, აგვისტოს ომის მონაწილე მაიორი თამაზ გინტური ოკუპანტებმა მოკლეს. მასთან ერთად მყოფი ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. 

დოთიაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი