
ვიქტორ ორბანის პარტიის წევრებმა ბოიკოტი გამოუცხადეს უნგრეთის პარლამენტის სხდომას, რომელზეც შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება უნდა მომხდარიყო. როგორც გამოცემა "ბლუმბერგი" წერს, მმართველი პარტია „ფიდესის“ წევრები პარლამენტის სხდომაზე არ მივიდნენ. შესაბამისად, შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე კენჭისყრა, სულ მცირე, 26 თებერვლამდე გადაიდო. სწორედ ამ დროს დაბრუნდებიან უნგრელი პარლამენტარები ზამთრის არდადეგებიდან. ცნობისთვის, უნგრეთი NATO-ს ერთადერთი წევრი ქვეყანაა, რომელსაც შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლი ჯერ არ დაუმტკიცებია.