"ეს უალტერნატივო, სწორი, სახელმწიფოებრივი, გრძელვადიანი გადაწყვეტილებაა", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი ზურაბ აზარაშვილი პარლამენტში, 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საუბრობს, სადაც დეპუტატების კითხვებს პასუხობს.
ჩვენი მიზანია, რომ საშუალოვადიან პერიოდში, მთელი სახელმწიფოს მასშტაბით მოვახდინოთ სახელმწიფოს მრავალპროფილური კლინიკებით დაფარვა და შესაბამისად, ამის ნაწილია მძლავრი სახელმწიფო კლინიკა თბილისშიც. ეს შესაძლებლობა აქვს ნამდვილად რესპუბლიკური საავადმყოფოს აქვს ლოკაციაც, რომ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ჩვენ უზრუნველვყოთ მრავალპროფილური მაღალკვალიფიციური მომსახურებით ჩვენი მოქალაქეები და ეს არის სწორედ ის ადგილი, სადაც შეგვიძლია, სამედიცინო უნივერსიტეტთან კოორდინაციით მძლავრი სახელმწიფო კლინიკა შევქმნათ.
ის რომ რამდენიმე წლის წინ კოვიდის პერიოდში იქ სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, ეს არ ნიშნავს, რომ გრძელვადიანად თუ შევაფასებთ კლინიკის მდგომარეობას იმ სხვადასხვა დასკვნების საფუძველზე, რა დასკვნებიც ჩვენს ხელთ არის, ასობით მილიონი ლარი, რომელიც უნდა დაიხარჯოს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, დღევანდელ მდგომარეობაში მისი რეაბილიტაცია-გამაგრების და სხვადასხვა სამუშაოების ფონზე, რაც ერთი ალტერნატივა იყო იმასთან ერთად, რაც ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ და ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება არის უალტერნატივო, სწორი, სახელმწიფოებრივი, გრძელვადიანი გადაწყვეტილება და ეხება მიზანშეწონილობას იმის, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილას აშენდეს 500-საწოლიანი მძლავრი სახელმწიფო კლინიკა, რომელიც იქნება მრავალპროფილური და ასევე იქნება ერთ-ერთი მყარი დასაყრდენი და ბაზა სამედიცინო უნივერსიტეტისთვის, - ამბობს აზარაშვილი.