პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მიმდინარე წელს გარკვეული გამოწვევის წინაშე დადგა ევროპული ორიენტაცია - ანტიევროპულმა და ანტიდასავლურმა გამოძახილებმა მარგინალური პოლიტიკური წრეებიდან სახელისუფლებო რიტორიკაში გადმოინაცვლა, რუსეთის მიმართ კი შესამჩნევად შერბილდა პოზიციები.
პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს მან აღნიშნა, რომ უკრაინასთან ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვამ, საერთაშორისო სანქციებზე ევროკავშირისა და აშშ-სგან საჯაროდ დისტანცირებამ ქვეყნის საგარეო ორიენტაციის სიმყარის მიმართ კითხვის ნიშნები გააჩინა. მისივე თქმით, გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ გაიმარჯვა და მოიპოვა კანდიდატის სტატუსი, საზოგადოება არ დანებდა, იბრძოლა და დაიცვა საკუთარი მომავლი.
"გარკვეული გამოწვევის წინაშე დადგა ევროპული ორიენტაციაც ჩვენს საუკუნოვან კურსს ჯერ შეუმჩნევლად, შემდეგ კი, უფრო მკაფიოდ შეეცვალა აქცენტები: ანტიევროპულმა და ანტიდასავლურმა გამოძახილებმა მარგინალური პოლიტიკური წრეებიდან სახელისუფლებო რიტორიკაში გადმოინაცვლა. სამაგიეროდ, რუსეთის მიმართ შესამჩნევად შერბილდა პოზიციები.
უკრაინასთან ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვამ, საერთაშორისო სანქციებზე ევროკავშირისა და აშშ-სგან საჯაროდ დისტანცირებამ ყველაზე გადამწყვეტ მომენტში, ჩვენი საგარეო ორიენტაციის სიმყარის მიმართ კითხვის ნიშნები გააჩინა. დამაბნეველი რიტორიკითა და ნაბიჯებით საფრთხის ქვეშ დავაყენეთ ჩვენ მიერ ევროინტეგრაციისთვის გაწეული კოლოსალური შრომა და მიღწევები. ამ გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ გაიმარჯვა და მოიპოვა კანდიდატის სტატუსი! საზოგადოება არ დანებდა, იბრძოლა და დაიცვა საკუთარი მომავლი. ხალხის პრინციპულობამ შიგნით თუ გარეთ ყველას დაუმტკიცა, რომ ევროპელობაზე ჩვენი პრეტენზია საფუძვლიანია და ამ მიზნის მიმართ ქართველი ხალხის სულისკვეთება ურყევია. ჩვენი საზოგადოება კი დარწმუნდა, რომ მას გააჩნია ძალა და შეუძლია მიზნის მიღწევა; დავინახეთ ჩვენი თავისუფალი, ევროპული ახალაგაზრდობა, ქვეყნის მომავლის შენებაში მათი განსაკუთრებული როლი გამოიკვეთა და იგი იმედის ძალად ჩამოყალიბდა. ჩვენი საზოგადოების გამოცდილებით, თავისი ტრადიციული შემწყნარებლობით, სიბრძნით და თავშეკავებულობით თავიდან ავიცილეთ და გავუმკლავდით რუსული იმიგრაციისა და პროპაგანდის პროვოკაციებს. საზოგადოება არ წამოეგო რუსეთის ჰიბრიდულ ქმედებებს და შევინარჩუნეთ სტაბილურობა და ურყევი პროევროპულობა. და კიდევ, დემოკრატიის კუთხით პოზიტიურ ნიშნებად აღიქმება იმპიჩმენტის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის მიერ გაბედული, განსხვავებული აზრის დაფიქსირება და იმპიჩმენტის სცენარის სამართლებრივი და პოლიტიკური კუთხით ჩავარდნა. ასევე, პოზიტიური ნიშანია ერთპიროვნული გადაწყვეტილებისგან ეროვნული ბანკის სამი წევრის გამიჯვნა და მათი გადადგომა. ნიშნები იმისა, რომ საზოგადოებას დემოკრატიის ძლიერი შეგნება და მოთხოვნილება გააჩნია, მზადაა დაიცვას მიღწეული პროგრესი და არ შეეგუოს უკუსვლას - იმედისმომეცმია. ესაა ნამდვილი ხალხის ძალა!" - ამბობს ზურაბიშვილი.
ზურაბიშვილის თქმით, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქვეყნის მომავლისთვის ახალ შესაძლებლობას წარმოადგენს, პირველ რიგში, უსაფრთხოების გამყარების შესაძლებლობას.
"ჩვენთვის ყველაზე ტრაგიკული და სახიფათო იზოლაციაში ყოფნაა და მაშასადამე, რუსეთთან მარტო და პირისპირ დარჩენა. კანდიდატობა და ხვალ მოლაპარაკებების დაწყება კი, ევროპის უსაფრთხოების სივრცეში შესვლას ნიშნავს, რითაც საერთაშორისო და რეგიონალურ სცენაზე აქტიური მოთამაშის როლს ვიბრუნებთ. მაშასადამე, ვხდებით იმ ევროპის უშუალო პარტნიორი, რომელმაც ბოლო პერიოდში აჩვენა ესოდენ სიმტკიცე და პრინციპულობა, აჩვენა, რომ ხვალინდელი უსაფრთხო და მშვიდობიანი რეგიონის სანდო და დასაყრდენი პარტნიორია. მისი პასუხისმგებლობისა და დემოკრატიულობის უტყუარი ნიშანია ის, რომ სულ ახლახან მოახერხა დიალოგისა და დემოკრატიის მაგალითის მიცემა, სადაც კონსენსუსის მისაღწევად ბოლომდე დაიხარჯნენ და არც კი განიხილებოდა უმრავლესობის დიქტატი", - თქვა პრეზიდენტმა.