"პატიმარი და ოლიგარქი" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და არაფორმალური მმართველის შესახებ ჟურნალი "ეკონომისტი". მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ბრიტანული გამოცემა მიმოიხილავს როგორც პატიმრობისას მიხეილ სააკაშვილის გაუარესებულ ჯანმრთელობას, ასევე მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ისტორიულ მნიშვნელობას საქართველოსთვის.
ეკონომისტის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლებრივი საქმეები პოლიტიკურად მოტივირებული შთაბეჭდილებას ტოვებს და პარალელებს პუტინის ოპონენტ ნავალნის შემთხვევასთანაც ავლებს.
სტატიაში საუბარია მარტის აქციებზე და იმაზეც, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ყველაზე უფრო ცუდი პუტინისტური მეთოდებით ცდილობს გადამწყვეტი არჩევნების წინ ოპონენტებისა და სამოქალაქო სექტორის განეიტრალებას.
"საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიმართება. მიუხედავად პატიმრობისა, სააკაშვილი მთავარი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერად რჩება. თუმცა, სასწორზე ახლა უფრო მეტი დევს, ვიდრე ერთი ადამიანის თავისუფლება. საქართველოს მოსახლეობა ძირითადად პროევროპულია და ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში 2012 წლიდან იმყოფება და დომინირებს ადგილობრივ ხელისუფლებაში. მაგრამ ბევრს მიაჩნია, რომ ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის მარიონეტია - იდუმალი ოლიგარქისა, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში იშოვა...
ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს მოუტანს დაცვას რუსეთისგან, რომელიც კავკასიას თავისი გავლენის სფეროს ნაწილად განიხილავს. თუმცა, შესაძლოა ამან დათვი გააღიზიანოს კიდეც. ბოლო ორი წლის განმავლობაში ქართული ოცნების ხელისუფლება ორ მხარეს შორის მანევრირებს. ქვეყანამ მიიღო ათიათასობით რუსი დევნილი და თავშესაფრით უზრუნველყო უკრაინელებიც. გარდა ამისა, მან პუტინის რამდენიმე ცნობილი კრიტიკოსი არ შეუშვა საკუთარ ტერიტორიაზე და უარი თქვა დასავლეთის სანქციების რეჟიმთან შეერთებაზე, რის შედეგადაც რუსეთთან გაზრდილი ვაჭრობით სარგებლობს. უფრო მეტიც, ის აჭიანურებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის აუცილებელი კრიტერიუმების შესრულებას.
წლევანდელმა კენჭისყრამ შეიძლება განსაზღვროს, ადასტურებს თუ არა საქართველო თავის ევროპულ მისწრაფებებს და ამით ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, თუ რუსეთის მიერ შთანთქმის გზაზე დგება." წერს გამოცემა.