"ლელოს" დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ევროკომისიას მიმდინარე წლის მარტში საქართველოს პროგრესთან დაკავშირებით შუალედური მოხსენება უნდა მოემზადებინა, თუმცა ანგარიშის წარდგენა გადაიდო.
როგორც სამადაშვილმა კომიტეტის სხდომაზე ილია დარჩიაშვილისთვის კითხვის დასმისას თქვა, საქართველოსგან განსხვავებით, აღნიშნული ანგარიშის წარდგენა იგეგმება უკრაინისთვის და მოლდოვისთვის.
მისივე თქმით, საქართველოს საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა ნიშნავს, რომ ევროკომისია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას არჩევნებამდე აპაუზებს.
"გასული წლის შემოდგომაზე, ბრიუსელში ჩემი ვიზიტის დროს, მე დამიდასტურა ევროკომისიამ, რომ მარტში იქნებოდა შუალედური მოხსენება საქართველოს მიერ საკუთარი ვალდებულებების შესრულების შესახებ. სამწუხაროდ, ახლა აღმოჩნდა, რომ მოლდოვისა და უკრაინის შემთხვევაში, პროგრესთან დაკავშირებით იქნება ანგარიში, თუმცა საქართველოს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. განმარტება რომ გავაკეთო საზოგადოებისთვის, არჩევნებამდე ევროკავშირი აპაუზებს ფაქტობრივად გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების პროცესში რაიმე პროგრესს.", - თქვა სალომე სამადაშვილმა.
პასუხად, ილია დარჩიაშვილმა სამადაშვილი საზოგადოების სიცრუეში შეყვანის მცდელობაში დაადანაშაულა:
"ქალბატონი სალომე არ ვიცი, ვის ესაუბრა მოლაპარაკებების გახსნის დაპაუზებაზე. ჩვენ ცალსახად აღებული გვაქვს ვალდებულებები, ის სამოქმედო გეგმა, რომელიც შემუშავებულია. თქვენ უფრო მეტი გეცოდინებოდათ ამ ფაქტის შესახებ, თუ დაესწრებოდით ბატონი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მოწვეულ შეხვედრას 29 იანვარს და ეს იყო ერთ-ერთი აღებული ვალდებულება, რომ იანვრის ბოლომდე საქართველოს პარლამენტში შეიქმნებოდა სხვადასხვა პლატფორმა და სივრცე, როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ისე - ოპონენტების ჩართვისთვის. თუ, რეალურად, შეფასებები გინდათ და გინდათ, ნახოთ საქართველოს პროგრესი, წაიკითხეთ ევროკავშირის ანგარიში. მოგიწოდებთ, რომ თავი დაანებოთ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას," - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე დეპუტატები საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ილია დარჩიაშვილს უსმენენ.