რუსეთში, "მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალზე" საქართველოს დელეგაციაც მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული გამოცემა Tass პრიმაკოვის ცენტრის დირექტორის, დიმიტრი ლორთქიფანიძეზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ლორთქიფანიძე ამბობს, ქართული დელეგაციაში 40 წევრი იქნება.
"დიახ, საქართველოდან დელეგაცია იქნება წარმოდგენილი "მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალზე". 40 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი უკვე ჩამოყალიბებულია. დელეგაციაში შედიან ახალგაზრდა ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები, მათ შორის არის ანა ხოტივრიშვილი, არჩილ სიხარულიძე - ავტორი ქართულენოვანი წიგნისა "რუსეთის ფედერაციის შიდა და საგარეო პოლიტიკა", რომელსაც საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში იყენებენ, როგორც დამატებით ლიტერატურას", - ამბობს ლორთქიფანიძე.
რუსული მედია აღნიშნავს, რომ ქართულ დელეგაციას სწორედ დიმიტრი ლორთქიფანიძე უხელმძღვანელებს.
როგორც ლორთქიფანიძე ამბობს, დელეგაციის წევრებს შორის ასევე იქნებიან საქართველოს მრავალგზის ჩემპიონები სპორტულ აკრობატიკაში.
ცნობისთვის, ახალგაზრდების მსოფლიო ფესტივალი სოჭში, სპეციალურად მოწყობილ ე.წ. "სირიუსის" ფედერაციულ ტერიტორიაზე გაიმართება.
ღონისძიება 29 თებერვალს დაიწყება და 7 მარტამდე გაგრძელდება.