"კონკრეტული ზონა არ ყოფილა შეფასებული, საფრთხეები შეფასებულია მთლიანი სოფლის მასშტაბით." - აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი ბაღდათში ჩამოწოლილი მეწყრის შესახებ საუბრისას და ამბობს, რომ სოფლის დაცლის რეკომენდაცია გაცემული არ ყოფილა:
"კონკრეტული ზონა არ ყოფილა შეფასებული. კონკრეტული, უშუალოდ ეს ფერდობი არ ყოფილა შეფასებული... სოფელი არის მოხვედრილი, ამ სოფელში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რომ უამრავი ფერდობი არსებობს. აქ საუბარია კონკრეტულ ფერდობზე. როდესაც ვთქვი, რომ საფრთხეები შეფასებულია, ეს არის შეფასებული მთლიანი სოფლის მასშტაბით. კი ბატონო, მითითებული იყო პოტენციურად მეწყერსაშიშ ზონაში.
რეკომენდაცია არ ყოფილა გაცემული და ვერც იქნებოდა გაცემული, იმიტომ, რომ ასეთი ტიპის რეკომენდაციას სჭირდება დამატებითი კვლევები. ეს ინფორმაცია საჯაროა, ვრცელდება ყველასთვის და ხელმისაწვდომია ყველასთვის... ვერ იქნებოდა კონკრეტული რეკომენდაცია კონკრეტულ მეწყერთან მიმართებაში." - განაცხადა გედევანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა. ამ დროისათვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით დაღუპულია 6 ადამიანი.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ბაღდათის სოფლებში მეწყრულ პროცესებს გარემოს სააგენტო ჯერ კიდევ 2022 წელს პროგნოზირებდა და სტიქიის ზონად იყო მონიშნული სოფელი ნერგეეთი.