საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში "გირჩი - მეტი თავისუფლებისა" და "დროას" წარმომადგენლებს შეხვდა. აუდიენცია პრეზიდენტის ინიციატივას შეეხებოდა, რომელიც საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად ოპოზიციის ერთიანი პლატფორმის ჩამოყალიბებას შეეხება.
"ორი თემა იყო განხილვის საგანი - ერთი იყო კოორდინაცია რაღაც საკითხების გარშემო, ძირითადად ეს არის 9 პუნქტი. რეალურად, რა რეფორმები არის გასატარებელი იმისათვის, რომ საქართველომ გახსნას მოლაპარაკებები და დავეწიოთ უკრაინას და მოლდოვას... და მეორე იყო ემიგრანტების საკითხი, რომ ეს არის არაადეკვატური რეალობა, როდესაც ასობით ათასი ადამიანი არის ქვეყნის გარეთ და არჩევნებში მონაწილეობას იღებს ათი ათასი ადამიანი მიუთითებს იმაზე, რომ იქ არის სერიოზული პრობლემები, ბარიერები ემიგრანტებისთვის და როგორ შეიძლება ეს ბარიერები გადაილახოს. მოვუყევით, სად რა ბარიერები არის, განსაკუთრებით საგარეო საქმეთა სამინისტროსგან დაწყებულ ბარიერებს და გამოსავალი რა შეიძლება იყოს" - თქვა შეხვედრის დასრულების შემდეგ ზურა გირჩი ჯაფარიძემ.