დროებით ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ე.წ. პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი "არაკომერციული ორგანიზაციების და ფიზიკური პირების შესახებ, რომლებიც ასრულებენ უცხოეთის აგენტის ფუნქციას".
განმარტებით დოკუმენტში ნათქვამია, რომ მისი მიღება "ხელს შეუწყობს აფხაზეთის რესპუბლიკის ინტერესების დაცვას და უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს, მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს, ასევე აფხაზეთის სახელმწიფოსა და საზოგადოების პოლიტიკურ საქმიანობაში უცხოეთის ჩარევის მიმართ გადაუდებელი რეაქციას".
კანონპროექტის თანახმად, უცხოეთის აგენტად შეიძლება აღიარონ როგორც არაკომერციული ორგანიზაციები, ასევე ფიზიკური პირები. კანონის დარღვევის შემთხვევაში კი ისინი შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად პასუხისგებაში იქნებიან მიცემული და დადგენილი წესით დაისჯებიან.