
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, "რესპუბლიკელებმა" უკრაინისა და ისრაელის დახმარების პაკეტები და საზღვრის უსაფრთხოების კანონპროექტი ტრამპის მუქარის გამო ჩააგდეს.
ბაიდენის თქმით, ტრამპი გასული დღის განმავლობაში ესაუბრებოდა კანონმდებლებს, რათა "დამუქრებოდა და შეეშინებინა ისინი, რომ ხმა ინიციატივის წინააღმდეგ მიეცა".
"დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ ეს მისთვის პოლიტიკურად წამგებიანია... მას ურჩევნია, რომ პრობლემა იარაღად აქციოს და არ იფიქროს მის გადაწყვეტაზე", - თქვა ბაიდენმა სატელევიზიო მიმართვისას.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, "რესპუბლიკელები" მოვალეები არიან, რომ "გააკეთონ ის რაც იციან, რომ მართლა სწორია".
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესმა ვერ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა.
ამავე კანონპროექტში გათვალისწინებული იყო დახმარების პაკეტი ისრაელისთვის და ტაივანისთვის, რომელიც საერთო ჯამში 58 მილიარდ დოლარს აღწევდა. ინიციატივის ნაწილი იყო მექსიკასთან საზღვარზე უსაფრთხოების პოლიტიკის გამკაცრებაც, არალეგალური მიგრაციის პრობლემის გადასაჭრელად. კანონპროექტი როგორც რესპუბლიკელების, ისე დემოკრატების მიერ იყო შემუშავებული, თუმცა კანონპროექტმა პროცედურული კენჭისყრისთვის საკმარისი მხარდაჭერა ვერ მიიღო.