პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა "ლელოს" დეპუტატ, ანა ნაცვლიშვილს გულსაბნევის გამო შენიშვნა მისცა.
დღევანდელ სხდომაზე მთავრობის ახალი შემადგენლობა უნდა დაამტკიცონ. დეპუტატებს მანამდე სამთავრობო პროგრამა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ წარუდგინა.
ნაცვლიშვილმა კობახიძეს ორი კითხვა დაუსვა, პირველი - ხვალ რომ პარლამენტში იგივე შინაარსის კანონი დაინიცირდეს, როგორიც რუსული კანონი იყო, დაუჭერს თუ არა ისევ მხარს და მეორე - რუსი ოლიგარქის მიერ დასახელებული პრემიერმინისტრი შეძლებს თუ არა დეოლიგარქიზაციას რეალურად და ქვეყნის ევროპისკენ წაყვანას.
კითხვის დასმის შემდეგ პაპუაშვილმა მას შენიშვნა მისცა:
"ქალბატონო ანა, შეგატყვეთ, რომ გულსაბნევი გაქვთ ევროკავშირის დროშით და საქართველოს დროშით. მესმის, რომ როგორც ჩანს სადღაც გაჩუქეს ეს გულსაბნევი, თუმცა მე მგონი თქვენ პარტიას არ გაუჭირდება დაამზადოს სხვა სახის გულსაბნევი, ვინაიდან, თქვენ ხართ საქართველოს პარლამენტის წევრი, ხოლო ეროვნული დროშის გამოსახვის სტანდარტი გულისხმობს, რომ ჯერ უნდა იყოს საქართველოს დროშა, შემდეგ ნებისმიერი სხვა დროშა. ამიტომ თქვენ გულსაბნევზე თქვენგან მარჯვნივ უნდა იყოს ჯერ საქართველოს დროშა, შემდეგ ევროკავშირის დროშა, გთხოვთ და იქნებ თქვენ პარტიაში შეძლოთ და ასეთი სახის გულსაბნევები დაამზადოთ".
პაპუაშვილის ამ სიტყვებს დარბაზში მცირე ტაში მოჰყვა უმრავლესობის წევრების მიხრიდან. ცნობისთვის, 6 თებერვალს პაპუაშვილმა დეპუტატ ალეკო ელისაშვილს მისცა შენიშვნა - მას სხდომაზე ჯინსები, პერანგი და ნაქსოვი მოსაცმელი ეცვა. დღეს ელისაშვილი პარლამენტში ჩოხით მივიდა.