ცესკოს სრული კონტროლი მმართველი პარტიის ხელში | "ოცნება" თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობას აუქმებს

გამოქვეყნდა:

გადამწყვეტი არჩევნების წინ ოცნების ხელისუფლება ცესკოზე სრული კონტროლის დასამყარებლად ემზადება. მთავრობის დამტკიცების პარალელურად მმართველმა გუნდმა დღეს ბიუროს სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით დააინიცირა. ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტს ცესკოს თავმჯდომარის და წევრების დანიშვნაში ფორმალური მონაწილეობაც აღარ შეეძლება და ცესკოს კონტროლი სრულად მმართველი პარტიის ხელში გადადის. უქმდება ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაც, რომელიც ოპოზიციის მიერ იყო არჩეული.

კანონპროექტის ხელახლა ინიცირებით "ოცნებამ" ვენეციის კომისიის დასკვნა არ გაითვალისწინა, სადაც პირდაპირ ეწერა,რომ შემოთავაზებული ცვლილებები უდროო და საკმაოდ დამაბნეველია.

"ვენეციის კომისიამ ხელისუფლებას უთხრა - დახიეთ თქვენი საარჩევნო რეფორმა. ამის პასუხად ხელისუფლებამ დახია ვენეციის კომისიის დასკვნა. ევროკავშირი გაცხადებული პოზიციით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მთავარი პრობლემა მის მიმართ საზოგადოების ნდობის არარსებობაა. ქართული ოცნება ცესკოს არალეგიტიმური თავმჯდომარისა და წევრებისთვის ცვლის საარჩევნო კანონმდებლობას, აუქმებს ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობას და 2024 წლის არჩევნებს ჩაატარებინებს ქართული ოცნების პარტიულ ცესკოს" აცხადებს ცესკოს წევრი პარტია "ლელოდან" გიორგი სიორიძე. 

უფრო კონკრეტულად კი, ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, ცესკოს თავმჯდომარე და წევრები დამტკიცებულიყვნენ მაღალი ქვორუმით, თუმცა არსებული ვარიანტით, საკმარისია უბრალო უმრავლესობა, ანუ 76 დეპუტატის ხმა.

საერთაშორისო ორგანიზაციები პრობლემად მიიჩნევენ იმ ფაქტსაც, რომ პრეზიდენტის ჩართულობა ამ პროცესში მინიმალურია. მათი რეკომენდაციაა, შესარჩევი კომისია, რომელიც ამჟამად პარლამენტის თავმჯდომარეს ექვემდებარება, ისევ პრეზიდენტის დაქვემდებარებაში დაბრუნდეს.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი