გელათში ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა. დროებითი და უხარისხო გადახურვის გამო წყალი ახლა ღვისმშობლის ტაძრის შესასვლელში ჩამოდის და დასავლეთ ნაწილის მსგავსად უნიკალური კედლის მხატვრობას აქაც საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა.
ექსპერტები სასწრაფო წესით ძეგლის რეაბილიტაციის პროცესში უცხოელი სპეციალისტების ჩართვას ითხოვენ, რადგან, მათი შეფასებით, საქართველოში არავის აღმოაჩნდა სათანადო კომპეტენცია და გამოცდილება მსგავსი სირთულის სამუშაოების ჩასატარებლად.
კულტურის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტის მიუხედავად, გელათში ვითარება ყოველდღიურად მძიმდება და ექსპერტების პროგნოზით, მალე შესაძლოა ძეგლის გადარჩენა შეუძლებელი გახდეს.