"რუსულ კანონს" ამჯერად დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში იღებენ. საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ ე.წ. პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტი უკვე წარადგინა. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის შეზღუდვის რამდენიმე წლიანი მცდელობის შემდეგ მარიონეტული რეჟიმი ახლა უკვე კანონის ძალით ემუქრება იმ ორგანიზაციებს, რომელთა დაფინანსების წყარო თავისუფალი სამყაროდან მოდის.
კანონპროექტის თანახმად, მესამე სექტორის წარმომადგენლებს უჩნდებათ ვალდებულება დაფინანსება მხოლოდ იმ ქვეყნებიდან მიიღონ, რომლებიც აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობას აღიარებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კანონი პატიმრობას ითვალისწინებს. თავად ბჟანია კანონპროექტის ე.წ. პარლამენტისთვის წარდგენის შემდეგ მოსკოვში, სერგეი ლავროვთან გაემგზავრა. ცნობილია, რომ საუბარი დროებით ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ე.წ. "დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებასაც" შეეხო.
ავტორი: ზურა პეტროსიანი