ცვლილებები მთავრობის ადმინისტრაციაში - "მთავარი არხის" ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის გაშვებას აპირებს და ადმინისტრაციას საკუთარი ნდობით აღჭურვილი კადრებით დააკომპლექტებს.
ახალმა პრემიერმა თქვა, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით ორშაბათს ისაუბრებს და რომ ეს "ნაკლებად პოლიტიკური" საკითხია.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, იცვლება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი - ამ პოსტს რევაზ ჯაველიძე იკავებს. ასევე, მისი მოადგილე.
შეიცვლება რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ლერი ბარნაბიშვილი. ის ე.წ. პროკურატურის კლანის წარმომადგენელია, ასევე, არსებული ინფორმაციით, არაფორმალურად კურირებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსაც. "მთავარის" ინფორმაციით, შეიცვლება ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელი - მამუკა ჯანგულაშვილი.
ცვლილებები შეეხება მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს - ნინო გიორგობიანს, რომელიც პოსტს წლები იკავებდა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს - მიშა ფეიქრიშვილი შეცვლის. ის ამ დროისთვის "იმედის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელია.