აბასთუმანში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი "ოცნებასთან" დაკავშირებული პირის კომპანიას მიყიდეს

გამოქვეყნდა:

"სამხრეთის კარიბჭის" ცნობით, აბასთუმანში კულტურული მემკვიდრეობის XIX საუკუნის ძეგლი მერიამ, კულტურის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე, "ქართულ ოცნებასთან" და დეპუტატ ანტონ ობოლაშვილთან დაკავშირებული პირის კომპანიას მიყიდა. 

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აუქციონის წესით 2022 წლის 25 აპრილს, 169 422 ლარად გაიყიდა. შპს "ოცხე 2022" - მა აუქციონში უკონკურენტოდ გაიმარჯვა.

შპს "ოცხე 2022"-ს სამი მეწილე ჰყავს: თენგიზ თათეშვილი, პავლე ზაზაშვილი და ლაშა ჭაღიაშვილი. ლაშა ჭაღიაშვილსა და თენგიზ თათეშვილს 2020 წელს "ქართული ოცნებისთვის" 5-5 ათასი ლარი აქვთ შეწირული. თათეშვილი ამავდროულად არის შპს "W/M ინვესთმენთის" დირექტორი, რომლის 25%–იანი წილის მფლობელი ანტონ ობოლაშვილის კომპანია შპს "გლობალინვესთმენთია".

აღნიშნული ქონების გაყიდვა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშიც მოხვდა, სადაც ნათქვამია, რომ აუქციონის პირობის მიხედვით, უძრავი ქონების პრივატიზების შემთხვევაში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე მყიდველს უფლება არ ჰქონდა განეხორციელებინა სარემონტო ან რაიმე სახის სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. საჯარო რეესტრის მიერ აღნიშნული ქონება დარეგისტრირდა საპრივატიზებო პირობის გარეშე.

მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გასხვისება, ფლობისა და სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმებით წინასწარ განსაზღვრული მოვლა-პატრონობის პირობით.

აუდიტის სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გასხვისების პროცესში, მუნიციპალიტეტმა არ გაითვალისწინა ძეგლის არასათანადოდ განკარგვის რისკები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი